სამ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 2,6% შეადგინა, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კი 3%-იან ზრდაზეა გათვლილი
“პირველი 9 თვის განმავლობაში, მოსალოდნელზე ნაკლები ზრდის მიუხედავად ფისკალური რისკები ზომიერი იყო: ბიუჯეტის შემოსავლებმა 6.285 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით აჭარბებს დაგეგმილ, ხოლო 4.3%-ით - წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ხარჯებს, მისი მოცულობა წინა წელთან შედარებით, 6.9%-ით გაიზარდა და 6.256 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტმა 255 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 230 მილიონი ლარით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. მეოთხე კვარტალში, როგორც ვიცით, მთავრობის ხარჯები ყველაზე მაღალია და გადასახადებიდან არასაკმარისი სახსრების მიღების პირობებში მთავრობა იძულებული გახდება, ხარჯებს საშინაო ვალდებულებების ზრდით უპასუხოს, ან კაპიტალური ხარჯები შეამციროს. თუმცა, სხვაობა პროგნოზირებად და ფაქტობრივ ეკონომიკურ ზრდას შორის არც ისე დიდია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებებს იყენებს, რაც რეალური მაჩვენებლისგან, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე მეათედით განსხვავდება. ამიტომ, ვფიქრობ, 0.4 პროცენტული პუნქტით დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპის გამო ბიუჯეტს პრობლემა არ უნდა შეექმნას.
მეორე საკითხია, რეალისტურია, თუ არა 2016 წელს მშპ-ს რეალურმა ზრდამ 3%-ს მიაღწიოს. პირველი 9 თვის განმავლობაში მშპ-ს ზრდა 2.6% იყო, დაგეგმილი მაჩვენებლის მისაღწევად საჭიროა 4.2%-იანი ზრდა მეოთხე კვარტალში.
ოქტომბრის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საკუთარი პროგნოზი საქართველოსთვის 2.5%-დან 3.4%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ფონდი ელის 5.8%-იან ზრდას მეოთხე კვარტალში, რაც პოზიტიური ნიშანია, თუმცა, არ ვიცით, რა მონაცემებს ეყრდნობა სავალუტო ფონდის პროგნოზი.
საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა საგარეო შოკების - ძირითად სავაჭრო ქვეყნებსა და, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ. გარე ფაქტორები ჩვენს ეკონომიკაზე ძირითიდად აისახება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების და ექსპორტ-იმპორტის (მათ შორის, ტურიზმის) არხებით. ზუსტად ეს ფაქტორები განსაზღვრავენ ეკონომიკურ ზრდას მეოთხე კვარტალშიც. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ასევე საშინაო მოთხოვნაზეც. ეროვნული ბანკი თანდათან გამოდის მონეტარული შეზღუდვიდან და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს; კომერციული ბანკებიდან აღებული სესხების მოცულობა აგვისტოსა და სექტემბერში მკვეთრად გაიზარდა, რაც დადებითად იმოქმედებს მშპ-ის ზრდის ტემპზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ზუსტი პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა, ვფიქრობ, რომ 4% ან, თუნდაც, 5%-იანი მშპ-ს რეალური ზრდის ტემპის მიღწევა მეოთხე კვარტალში რეალისტური ამოცანაა".