სსფ: ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდით საქართველო გაისად რეგიონში პირველ ადგილზე იქნება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 6% იქნება, რაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (საქართველოს შემდეგ, დეფიციტის სიდიდით ყირგიზეთი გამოირჩევა -5,5%).
როგორც დღეს სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ფრანსუა პეჰშომ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროგნოზის საფუძველი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, კონკრეტულად კი, ე.წ. ესტონური მოდელი გახდა. აღნიშნული მოდელის ამოქმედების შედეგად, 15%-იანი მოგების გადასახადი გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი თანხას რეინვესტირებაზე მიმართავს. ხელისუფლების გათვლებით, ბიუჯეტს, დაახლოებით, 0,4 მილიარდი ლარი მოაკლდება. სსფ-ს წარმომადგენლის განცხადებით, მთავრობას ჯერ არ წარმოუდგენია გეგმა, რა რესურსით აპირებს აღნიშნული დეფიციტის შევსებას.
როგორც სსფ აღნიშნაებ, საქართველო ამას ინვესტიციების წახალისების მიზნით აკეთებს.
საქართველოს გარდა, ეკონომიკური აქტივობის მხარდასაჭერად მსგავს ღონისძიებებს ყირგიზეთი და ტაჯიკეთიც მიმართავს, თუმცა, სსფ ვარაუდობს, რომ ამ ქვეყნების ფისკალური პოზიცია გაისად გაუმჯობესდება და დეფიციტი მშპს-სთან მიმართებაში 4,4%-ს შეადგენს.
სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ საქართველოში (ასევე სომხეთში), სახელმწიფო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს გადააჭარბა. როგორც უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, მართალია, მოკლევადიანი ვალდებულებების დაფარვისას პრობლემები არ შეიქმნება, მაგრამ მოსალოდნელი სუსტი ეკონომიკური ზრდის, ასევე გაზრდილი ფინანსური ხარჯების ფონზე, შესაძლოა, ქვეყნებმა ვეღარ შეძლონ ვალის შენარჩუნება არსებულ, ან უფრო დაბალ დონეზე.
სსფ-ის რეკომენდაციას იძლევა, ფისკალური პოლიტიკა იყოს დაბალანსებული, ერთი მხრივ, მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკური აქტივობის წახალისებასა და, მეორე მხრივ, გრძელვადიანი მდგრადობის შენარჩუნებას შორის. საქართველომ, ისევე როგორც რეგიონის სხვა ნავთობ-იმპორტიორმა ქვეყნებმა უნდა გაიმყარონ ფისკალური პიზიციები და საშუალოვადიან პერსპექტივაში ვალი მისაღებ დონეზე შეინარჩუნონ. ფონდი ურჩევს ქვეყნებს პრიორიტეტად დასახონ კაპიტალდაბანდებები და მათი დაცვა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს, ასევე მოსახლეობის გაჭირვებული ფენებს სოციალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
გარდა ამისა, სსფ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჭიროა, საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით რეფორმების გატარება, მათ შორის, გაკოტრების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა და სხვ.
სსფ-ს ინფორმაციით, რეგიონის ქვეყნებში (ნავთობიმპორტიორებს შორის) სავაჭრო ბალანსი 2017 წელს მშპ-სთან მიმართებაში ყველაზე მეტად გაუარესდება ყირგიზეთში (-15%) და საქართველოში (-12,1%).
იმავდროულად, სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია მთელს რეგიონში. ეროვნული ვალუტის პერმანენტული გაუფასურების მიუხედავად, მან დადებითად შეაფასა ასევე ეროვნული ბანკის საქმიანობა.
სსფ-ს პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს 5,2%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში უფრო მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ უზბეკეთს (6%) და თურქმენეთს (5,4%) ექნებათ.
როგორც სსფ-ის ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, 2014 წლის საგარეო ფაქტორების შედეგად რეგიონში ვითარება მკვეთრად გაუარესდა, მიზეზი კი ნედლეულზე (ძირითადად, ნავთობზე), მსოფლიო ფასების შემცირება და რეგიონის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებში, რუსეთსა და ჩინეთში, ეკონომიკური ზრდის შენელება გახდა. წელს მთლიანი რეგიონის მშპ 1,5% -ით გაიზრდება, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია 15 წლის განმავლობაში არსებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე. მომავალ წელს სსფ მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესებას და 2,6%-იან ზრდას ვარაუდობს. 2018-2021 წლებში კი საშუალო წლიური ზრდა 4% იქნება (2000-2014 წლის მაჩვენებლების ნახევარი).
„ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესების ის ტემპები ქვეყნებში,რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეინიშნებოდა, ნაწილობრივ მოსალოდნელი აღარ იქნება“, - აღნიშნულია სსფ-ს დასკვნაში.