გაისად შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოში გაზის ექსპორტი შეჩერდება, ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრობლემები არ იქნება
2017 წელს კომპანია BP-Azerbaijan-ი “შაჰ დენიზის” პლატფორმაზე გაზის მოპოვებას დროებით შეწყვეტს.
როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ბახტიარ ასლანბეილი აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდთან" საუბარში აცხადებს, მიზეზი დაგეგმილი ტექნიკურ-პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოებია.
“მომავალ წელს დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების ჩატარება სანგაჩალის ტერმინალი სექციაში, რომელიც “შაჰ დენიზიდან” მიღებულ პროდუქციას ემსახურება. ასევე საბადოს დამუშავების მეორე სტადიის ფარგლებში, ახალი დანადგარების მიერთება. ამის გამო “შაჰ დენიზზე” პლატფორმის მუშაობა დროებით შეჩერდება და პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოები შეეხება იმ ტერმინალის ნაწილს, რომელიც სამხრეთ კავკასიის გაზსადენს უკავშირდება. ამის გამო შეჩერდება გაზის ექსპორტი საქართველოსა და თურქეთში”, - აცხადებს ასლანბეილი.
მისი ინფორმაციით, ექსპორტის შეჩერების ზუსტი ვადა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას აზერბაიჯანული მხარე ზაფხულისთვის გეგმავს, როდესაც ენერგორესურსების შედარებით დაბალი მოხმარებაა, შესაბამისად. დაბალანსების პრობლემა ნაკლებად მოსალოდნელია.
“შაჰ-დენიზიდან წლიური მოხმარების მხოლოდ 30 %-ს ვიღებთ, აზერბაიჯანიდან ტექნიკური მიზნების გამო მოწოდების შეწყვეტა 1-2 კვირით ყოველწლიურად ხდება და პრობლემა არ ყოფილა. ოპერატიული მართვის საკითხია და, სავარაუდოდ, ყაზახიდან მეორე აზერბაიჯანულ მილსადენიდან მოხდება კომპენსირება”, - განუცხადა eugeorgia.info -ს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა.