EIB 250 მლნ ევროთი ინფრასტრუქტურას, 100 მლნ-ით - რეგიონებს, 100 მლნ-ით კი - სოფლის მეურნეობას დააფინანსებს
ხელშეკრულებების მიხედვით, “სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის“ ფარგლებში, საქართველო 250 მილიონ ევროს ფინანსურ რესურსს მიიღებს. პროექტით განხორციელდება რეგიონებში საავტომობილო გზების გაუმჯობესება, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალის უბისა-შორაპანისა და გრიგოლეთი-ფოთის მონაკვეთებიც.
„საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტი“ 100 მილიონი ევროს მხარდაჭერას მიიღებს. აღნიშნული თანხა სხვადასხვა რეგიონში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია და სხვა) დაფინანსებას მოხმარდება.
მესამე ხელშეკრულება „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი“ დაფინანსებას ითვალისწინებს, 100 მილიონი ევრო მიმართული იქნება სოფლის მეურნეობის სექტორში პროექტებზე, პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ჯაჭვის შექმნის მიზნით.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, მთავრობის წევრები და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, EIB-ის მიერ გამოყოფილ დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სივრცითი მოწყობა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წელს გაიხსნა და უკვე არაერთ პროექტშია ჩართული. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიზანი რეგიონში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მხარდაჭერაა, რასაც პროექტების დაფინანსებით ახორციელებს. რეგიონისთვის განკუთვნილი პორტფელის მოცულობა 2014-2020 წლებში 4,8 მილიარდი ევროა და საქართველოსთან ერთად სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდავეთს, რუსეთსა და უკრაინას მოიცავს. ამასთანავე, 2014 წელს EIB-იმ ახალი პროგრამა Neighbourhood Finance Facility წამოიწყო, რომლის მოცულობა 3 მილიარდი ევროა და მას ევროკავშირის გარანტიის გარეშე, საკუთარი რისკით ახორციელებს.