მეფუტკრეები ვანში წაბლის ტყის გაშენებას გეგმავენ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "თაფლი საჩინო", რომელიც 50-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს, გაზაფხულიდან ვანის რაიონში წაბლის ტყის გაშენებას იწყებს.
როგორც კოოპერატივის ხელმძღვანელმა, მინდია ქავთარაძემ eugeorgia.info -ს განუცხადა, 15 ჰა ფართობის იჯარით აღებაზე გარემოს დაცვის სამინისტროსგან წინასწარი თანხმობა უკვე მიიღეს, 5 ათას წაბლის ნერგს სამინისტროსთან არსებული სანერგე მეურნეობა მეწარმეებს უსასყიდლოდ გადასცემთ.
“სამინისტროს სპეციალისტები რეკომენდაციებს გაგვიწევენ, როგორ გავაშენოთ და მოვუაროთ ტყეს, ფიზიკური რესურების მობილიზებას კი ჩვენი ძალებით ვგეგმავთ”, - აცხადებს მინდია ქავთარაძე.
მისი თქმით, მონოფლური თაფლი საქართველოში საკმარისი რაოდენობით არ იწარმოება და მასზე მაღალი მოთხოვნაა ევროპულ და აზიურ ბაზრებზე, განსაკუთრებით კი, წაბლის თაფლზე და ამ ფონზე წაბლის ხეები მასობრივად ხმება.
“თუ ინვესტიციის თვალსაზრისით შევხედავთ, წაბლი ყვავილობას დარგვიდან 7-8 წლის შემდეგ იწყებს, ამ დროს 1 ჰა-ზე ფუტკრები 500 კგ-ს თაფლს მაინც გამოიმუშავებენ, თუმცა, წლებთან ერთად, თაფლის მოცულობა უფრო გაიზრდება.1 ჰა-ზე იჯარის გადასახადის სახით, 80 ლარს გადავიხდით, როგორც ხედავთ, საწყის ეტაპზე, პრაქტიკულად, სოციალური პროექტია, მაგრამ მას წამახალისებელი ეფექტი ექნება სხვების. მთავრობა დარგის განვითარებისთვის ბევრ ღონისძიებას ახორციელებს, ცოტა ხელი მეფუტკრეებმაც უნდა გავანძრიოთ”, - აღნიშნავს კოოპერატივის ხელმძღვანელი.
მინდია ქავთარაძის თქმით, პროექტი თუ წარმატებული აღმოჩნდა, იმავე ფართობის აკაციის ტყის გაშენებასაც გეგმავენ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, უკანონო ჭრისგან დასაცავად უკვე შემოღობეს გარკვეული ტერიტორია.
“საჩინო” მეორე დონის კოოპერატივია, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და ვანისა და ბაღდადის რაიონებში მცხოვრებ ეფუტკრეებს აერთიანებს. კოოპერატივის საკუთრებაში, საერთო ჯამში, 1500 სკაა. წელს “საჩინომ” 16 ტონა თაფლი აწარმოა. მომდევნო წლებშიკოოპერატივი გაფართოებას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეების ჩართვას გეგ,ავს.