სასტუმრო “რიქსოსი” ბორჯომში ევროპელი მოხუცების დასვენებაზე ნორვეგიის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"რიქსოსის" გენერალური დირექტორის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, თითოეული პენსიონერის მოვლისთვის სკანდინავიის ქვეყანა თვეში 7 ათას ევროს ხარჯავს, ქართული კომპანია კი მზადაა, სერვისი ნახევარ ფასად შესთავაზოს.
“უკვე, თითქმის, 20 წელია, თურქული ტურისტული კომპანიები ნორვეგიის სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ და მოხუცების დასვენებას თურქეთში თვეში 4 ათას ევროდ უზრუნველყოფენ. ჩვენ დავუკავშირდით ამ კომპანიებს და მათი მეშვეობით ნორვეგიის მთავრობას,ანალოგიურ მომსახურებას 3,5 ათას ევროდ ვთავაზობთ. შესაძლოა, ეს თანხა კიდევ უფრო შევამციროთ”, - განუცხადა შალვა ალავერდაშვილმა eugeorgia.info-ს .
მისი თქმით, ნორვეგიელი მოხუცები “რიქსოსში” ერთ თვეს დაისვენებენ ხოლმე.
“თურქეთში მსგავსი პრაქტიკაა. ჩვენ მაინც გვაწყობს, რადგან საუბარია 200-მდე მოხუცის მოვლაზე”, - აღნიშნა “რიქსოსის” გენერალურმა დირექტორმა.
პროექტი, ჯერჯერობით, მოლაპარაკებების ეტაპზეა. თურქული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები “რიქსოსს”, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ ესტუმრებიან, რათა პირობებს ადგილზე გაეცნონ.
აღსანიშნავია, რომ 50 ათასამდე ნორვეგიელი პენსიონერი უცხოეთში ცხოვრობს. ნორვეგიის შრომისა და კეთილდღეობის ადმინისტრაციის ინფორმაციის მიხედვით, ეს ციფრი წლიდან წლამდე მატულობს - 2009 წელს მათი რიცხვი 30 ათასით განისაზღვრებოდა. ქვეყნის საპენსიო სისტემა იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც სამშობლოს უცხოეთში ცხოვრება ამჯობინეს, 907 მილიონ დოლარს ხარჯავს.
ნორვეგიელი პენსიონერების დიდი ნაწილი მეზობელ შვედეთში, აშშ-ში, დანიასა და ესპანეთში გადადის საცხოვრებლად, ნაწილს კი ეგზოტიკური ქვეყნები, მაგალითად, ტაილანდი უფრო მიმზიდველი ეჩვენება.