კომპანია „გრემი“ ჩურჩხელებს ექსპორტზე ირანში გაიტანს
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მაჩაბელმა eugeorgia.info -ს განუცხადა, ფერეიდნელმა ქართველმა მეწარმემ ახლახანს ისპაჰანში ქართული რესტორანი გახსნა, სადაც კერძებთან ერთად ქართული ტკბილეულიც იქნება წარმოდგენილი.
„ჯერჯერობით, ჩურჩხელა მცირე რაოდენობით, საცდელი პარტია გავგზავნეთ, თუმცა, სავარაუდოდ, მოცულობები გაიზრდება, რადგან ჩვენი თანამემამულეები ირანში კიდევ ორი დიდი რესტორნის გახსნას გეგმავენ“, - აღნიშნა მეწარმემ.
„გრემი“ ორი თვის წინ ამუშავდა და დღეისათვის 15 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, მურაბებს, ასევე აფასოებს თაფლს, ჯონჯოლს, აჯიკასა და სვანურ მარილს, კომპანიის გასაღების ბაზარი კი ძირითადად, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინაა.
„ამ ეტაპზე უმეტესად მაინც ჩურჩხელა იყიდება, კვირაში 3-4 ათასს მაინც ვგზავნით ექსპორტზე. ჩვენი მთავარი მიზანია, ვაწარმოოთ ქართული ტრადიციული პროდუქცია, პრემიუმხარისხის, კარგი შეფუთვით. ჩურჩხელისთვის სპეციალური ხის ყუთები შევუკვეთეთ, რათა ტრანსპორტირების დროს არ დაზიანდეს, არ დაობდეს და ნატურალურ მასალაში იყოს შეფუთული. როგორც სხვა მეწარმეები, ჩურჩხელას არ ვღებავთ, რათა ფერი არ გადაუვიდეს. ასორტიმენტში ოთხი დასახელების ჩურჩხელაა: რქაწითელის, საფერავის, თეთრი ყურძნის, რომელიც კარამელის ფერია და მუქი წითელი, რომლის შეფერვისთვის ბროწეულის ნახარშს ვიყენებთ“, - აცხადებს გიორგი მაჩაბელი.
„გრემის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მოთხოვნა უცხოეთიდან სხვა პროდუქტებზეც საკმაოდ მაღალია, თუმცა, კომპანიას მიწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან საკუთარ საწარმოს არ ფლობს.
„რასაც აქამდე ვაწარმოებდით, სულ საკუთარი ფინანსებით ვახერხებდით, რაშიც შეზღუდულები ვართ. თუმცა, თუ დიდ ქსელებში შევედით, უფრო დიდი მასშტაბით მომიწევს პროდუქციის გამოშვება. პროდუქციის ნაწილისთვის შეკვეთას კასპში მდებარე საწარმოს, ნაწილს კი - რუსთავში ვაძლევთ, რაც მოუხერხებელია. სახელმწიფო პროგრამებში, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“ რომ შევიტანო განაცხადი, უკვე უნდა მქონდეს ქარხანა და შეიძლება, დანადგარები დამიფინანსონ, სხვა პროექტებში გათვითცნობიერება არც მიცდია. ამ ეტაპზე გადავწყვიტე, კახეთში მოვიძიო პარტნიორი - ნედლეულიც ადგილზე იქნება, იქ ვიქნებით მთლიანად კონცენტრირებული. ერთი-ორი უკვე შევარჩიე კიდეც და ჯერ მოლაპარაკებების პროცესში ვართ, მაგალითად, გურჯაანში მდებარე საწარმო, რომელიც ძალიან კარგ წვენებს აწარმოებს,მაგრამ რეალიზაციის პრობლემა აქვს. ცუდი შეფუთვა აქვს. ასეთს არავინ იყიდის, მე კი შემკვეთები მყავს, შემიძლია, ჩემი ბრენდის ქვეშ გამოვუშვა“, - განაცხადა „გრემის“ დამფუძნებელმა.
გიორგი მაჩაბელის თქმით, იანვრის ბოლოსთვის ქართულ კომპანიას მოსკოვიდან სუპერმარკეტების ქსელის „გლობუს გურმეს“, ხოლო ვლადიკავკაზიდან დიდი სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლები ეწვევიან და თანამშრომლობის სქემებზე შეთანხმდებიან, თუმცა, მეწარმის სამომავლო ინტერესებში მაინც ევროკავშირში ექსპორტირებაა.
„ძალიან მინდა, გავიდე ევროპის ბაზარზე, რადგან ძალიან დიდი და სტაბილური ბაზარია, თუმცა, როგორც ინფორმაცია მოვიძიე,წარმოებაში საკმაოდ მკაცრი სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილო. როდესაც შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეები გვექნება, აუცილებლად ვიმუშავებთ ამ მიმართულების ასათვისებლად. არანაკლებ საინტერესო იქნება ჩინეთის ბაზარიც“, - აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.