მსოფლიო ბანკი საქართველოში ინოვაციურ პროექტებზე გრანტებს გასცემს
ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისთვის საქართველოში მსოფლიო ბანკი 40 მილიონ ევროს გამოყოფს.
როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ eugeorgia.info-ს განუცხადა, აღნიშნული თანხა ხუთ წელიწადზეა გათვლილი და გრანტების სახით პროექტების დაფინანსებასაც ითვალისწინებს.
„თანხის ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მინი ტექნოპარკების, ინოვაციური ცენტრებისა და ბიბლიოთეკების მოწყობას. რაც შეეხება გრანტებს, გათვალისწინებულია როგორც მცირე (30 ათას დოლარამდე), ასევე მსხვილი (250 ათას დოლარამდე) გრანტების გაცემა“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
მისი თქმით, პროექტების შესარჩევად პრიორიტეტული სფეროები განსაზღვრული არ იქნება.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ინოვაციები ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, მთავარია, დავინახოთ რა ეკონომიკურ ეფექტს მისცემს ქვეყანას მისი განხორციელება. რადგან საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი და რისკები დიდია, გრანტები თანადაფინანსების პრინციპით გაიცემა -პროექტის ღირებულების 40% -ს ბენეფიციარები დაფარავენ. კონკურსი საკმაოდ რთული იქნება და მას ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც შეაფასებენ“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
პროექტების შესარჩევად კონკურსი შემოდგომისთვის გამოცხადდება, მათი დაფინანსება კი 2018 წლიდან დაიწყება.