საქართველოში კავკასიის პირველი რძის კონგრესი გაიმართება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის მხარდაჭერით, 2017 წლის 14 მარტსთბილისში, კავკასიის პირველი რძის კონგრესი გაიმართება.
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის რძის კონგრესის ფარგლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ფერმერი და რძის გადამუშავების სპეციალისტი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები.
როგორც EBRD -ში აცხადებენ, კონგრესზე მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ და ბიზნეს მიდგომებს სარძევე მესაქონლეობის სფეროში, პრაქტიკულ მაგალითებს და რეგიონის რძის მწარმოებელთა და ფერმერთა ორგანიზაციების გამოცდილებას.
„თავიანთი წარმატების საიდუმლოებაზე ისაუბრებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების რძის ფერმების ხელმძღვანელები და სპეციალისტები. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიაღწია წელიწადში 10 ათას ლიტრზე მეტი რძის გამომუშავებას ერთ ძროხაზე; მსგავსი პროდუქტიულობის მიღწევა საქართველოს პირობებშიც სრულიად შესაძლებელია“, - აღნიშნავენ ევრობანკში.
ღონისძიებაზე შეჯამდება FAO/EBRD-ის საერთო პროექტის - “სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით”- მიმდინარეობა და შედეგები ასევე წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები საქართველოს სარძევე ბიზნესის განვითარებისთვის.
კონგრესის მეორე დღეს ყველა მონაწილეს ექნება საშუალება ესტუმროს საქართველოში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმებს.
კონგრესზე დასასწრებად რეგისტრაცია მსურველებს შეუძლიათ ვებგვერდზე: www.georgiandairy.orgან მობილურ ტელეფონზე: 599 113 073