უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ქართულ ბაზარზე საერთაშორისო მზღვეველი შემოვიდა
ევროკავშირსთან უვიზო მიმოსვლასთან ერთადსაქართველოს ეკონომიკითა და ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი GBG (Global Benefits Group) დაინტერესდა.
საერთაშორისო მზღვეველმა ქართულ კომპანია “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) ერთად კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” (“Global Benefits Georgia”) დააფუძნა, რომელიც ოპერირებას დღეიდან იწყებს.
„საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პასპორტით, უპრობლემოდ შეეძლებათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა. მათ მოგზაურობას ბევრად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” სადაზღვევო ბარათი - ბარათი საზღვრებს გარეშე- რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობს. უფრო მეტიც, “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” რისკების მართვის მენეჯერები 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ ქვეყანაში, მზად არიან ადგილზე გაგიწიონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ თქვენი უპრობლემო მომსახურება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში”, - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც "Global Benefits Group" -ში აცხადებენ, GBG-მ საქართველოში რეგიონალური ჰაბის დაფუძნება გადაწყვიტა და თბილისიდან გაუწევს ოპერირებას ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და სომხეთის სადაზღვევო ბაზრებს. “ეს ქართული სადაზღვევო სისტემის უპირატესობასა და მისი განვითარების მაღალ პოტენციალზე მიუთითებს”, - აღნიშნავენ კომპანიაში.
“გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” სტრატეგიაა ახალ სტანდარტებზე, ანალიზსა და ბიზნესის კონკრეტულ სფეროებზე მორიგებული სადაზღვევო პაკეტები შესთავაზოს ქართულ და უცხოელ კომპანიებსა და ინვესტორებს. მათი კლიენტები იქნებიან მსხვილი კორპორაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო სტუდენტები, გავლენიანი ფინანსური წრეების წარმომადგენლები.
საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფს - “Global Benefits Group”-ს ოპერირების 36-წლიანი გამოცდილება აქვს სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით. კომპანიას წარმომადგენლობითი ოფისები აქვს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 120 იურისდიქციაში და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.