ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით, საქართველო 29-ე, რუსეთი კი - მე-9 ადგილზეა
საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 700 ადამიანით გაიზარდა და 7,3 ათასი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო 2014 წელს - 8,6 ათასი.
ევროსტატის ბოლო ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეებმა ევროკავშირში ლტოლვილად ჩაბარება გადაწყვიტეს, საქართველო ბოლოდან მეორე - 29-ე ადგილზე - იმყოფება და მხოლოდ მაკედონიას უსწრებს (6,2 ათასი).
სულ, ევროკავშირში 2016 წელს 1,2 მილიონი თავშესაფრის მაძიებელი დარეგისტრირდა. მართალია, გასულ წელთან შედარებით მათი რაოდენობა დაახლოებით, 57 ათასით შემცირდა, მაგრამ 2014 წელთან შედარებით, გაორმაგდა (563 ათასი).
თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების პირველ სამეულში, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა სირია (335 ათასი), ავღანეთი (183 ათასი) და ერაყი (127 ათასი). ამ სამ სახელმწიფოზე აპლიკაციების, თითქმის, ნახევარი მოდის.
10 -დან 6-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ თავშესაფარი გერმანიაში მოითხოვა (722 ათასზე მეტი განაცხადი), შემდეგ ადგილებზეა იტალია (121 ათასი).საფრანგეთი (76 ათასი). საბერძნეთი (50 ათასი), ავსტრია (40 ათასი) და დიდი ბრიტანეთი (38 ათასი). ერთ სულ მოსახლეზე აპლიკანტების რაოდენობის მიხედვით ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა, 1 მილიონ მოსახლეზე - 8 800 განაცხადი, ყველაზე ნაკლები კი სლოვაკეთში - 18.
აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოქალაქეების რაოდენობით, რომლებმაც სამშობლოს ევროკავშირი ამჯობინეს, ლიდერობს რუსეთი, საიდანაც აპლიკანტთა რაოდენობა 2015-2016 წლებში 18 ათასიდან 24 ათასამდე გაიზარდა, ის თავშესაფრის მაძიებელ ქვეყნებს შორის მეცხრე ადგილზეა.