თუშური გუდის ყველი ექსპორტზე აშშ-ში გადის
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ალაზნისთავმა“ ყველი ექსპორტზე აშშ-ში გაიტანა.
როგორც კოოპერატივის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა, გიორგი აბულაძემ, eugeorgia.info-ს განუცხადა, თუშეთში მდებარე კოოპერატივი თანამედროვე სტანდარტებისა და ტრადიციული ტექნოლოგიების დაცვით გუდის ყველს ამზადებს. კომპანიის ასორტიმენტში ოთხის სახის ყველია: “სვილობი” - ცხვრის გუდა, “ლარტუშო” - ძროხის გუდა, “დოვნა”- ცხვრისა და ძროხის რძის შერეული გუდა და “ჩოგი”- მდნარი გუდის ყველი. თითოეული ერთმანეთისაგან განსხვავდება შემადგენლობით და გემოვნური თვისებებით.
„სანიმუშო პროდუქციას ვაწარმოებთ. აღვადგინეთ ორი მივიწყებული ყველის სახეობა - შერეული და ჩოგა, ამავე დროს, ყველს დასამწიფებლად ნამდვილ გუდაში ვდებთ, პოლიეთილენის პარკებისგან განსხვავებით, რომელიც საკმაოდ ძვირი - 15 ლარი ღირს. გუდის ყველზე, ზოგადად, მომხმარებელს უარყოფითი შეხედულება ჰქონდა - თითქოს, მას არასასიამოვნო სუნი აქვს, თუმცა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მთავარია, რამდენად კარგადაა დამუშავებული გუდა, ჩვენ უვნებლობის სტანდარტებს ვიცავთ, ამავე დროს, გუდას მხოლოდ ერთ სეზონზე ვიყენებთ”, - განაცხადა გიორგი აბულაძემ.
კოოპერატივი ყოველწლიურად 6 ტონა ყველს აწარმოებს, აქედან ნახევარი აშშ-ში ექსპორტზე გააქვს, ნაწილი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, 1 კგ-ის ფასი 18-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.
“მოთხოვნა ექსპორტზე მაღალია, უნდათ ისრაელშიც, თუმცა, არ გვაქვს შესაბამისი რაოდენობის ნედლეული -რძე. ამ ეტაპზე კოოპერატივში 11 წევრია, ვფიქრობთ 4 ახალი წევრის დამატებას. აქ თითოეულ ფერმერს მაქსიმუმ -ათასი ცხვარი ჰყავდეს, მოგეხსენებათ, თუშეთის მთებში ეროზიული პროცესებია და გადაძოვების საფრთხეა”, - აღნიშნა გიორგი აბულაძემ.
კოოპერატივი 2015 წელს თუშეთში, ალაზნისთავში დაფუძნდა. ის „ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამიდან“ (ENPARD) 130 ათასი ლარით დაფინანსდა.