"ბიჯეო ჯგუფი" ენერგეტიკაში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს
„ბიჯეო ჯგუფი“, სადაც სხვა კომპანიებთან ერთად „საქართველოს ბანკიც“ შედის, ენერგეტიკაში მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, - ამის შესახებ „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა დღეს სვანეთში ჰესების- „მესტიაჭალა 1“-ისა და „მესტიაჭალა 2“-ის- მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.
„საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც ენერგიის შიდა მოხმარების უზრუნველყოფის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგანაც შესაძლებელია ამ გზით გამომუშავებული ენერგიის ექსპორტზე გატანა. მესტიაში ჰესების მშენებლობა შეადგენს საქართველოში „ბიჯეო“ ჯგუფის განახლებადი ენერგიის პლატფორმის ნაწილს. „ბიჯეო ჯგუფის“ გეგმის მიხედვით, ხსენებული პლატფორმა მოიცვას ჯამში 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებს და 20-20 მგვტ სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტოსადგურებს“, - განაცხადა ირაკლი გილაურმა.
„მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“ ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება - 65 მილიონი დოლარი.
გეგმის მიხედვით, ჰესები ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბერში შევა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემას 175 კვტ/სთ შეემატება. მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება. ამასთანავე, როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარით გაიზრდება (ქონებისა და მიწით სარგებლობის გადასახადის სახით).
ჰესების მშენებლობას ახორციელებს “ სვანეთი ჰიდრო“, რომლის დამფუძნებლებიც არიან “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (65%) და ავსტრიული კომპანია RP Global Investment (35%). თავის მხრივ „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ წარმოადგენს საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეოს“ შვილობილ კომპანიას.