კოსმეტიკური საშუალებების წარმოებას ხელს არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა უშლის
პირველ ქართულ ბრენდირებულ კოსმეტიკურ კრემებზე მოთხოვნამ მოლოდინს გადაააჭარბა.
„იზოსია“, რომელიც წარმოებაში გასული წლის მაისში ჩაეშვა, ჯერჯერობით, ხუთი სახეობის კრემით (არგანი, ჟოჟობა, ავოკადო, ატამი ბოტოქსით და აკნე ) არის წარმოდგენილი, თუმცა, კომპანია უახლოეს მომავალში ხელისა და მამაკაცის კრემების წარმოებასაც გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, იზო გოგოძემ eugeorgia.info- ს განუცხადა, თავდაპირველად, თვეში 500-600 ერთეული პროდუქციის რეალიზაციას ვარაუდობდა, თუმცა, გაყიდვებმა 1500-ს მიაღწია.
„იმდენად სწრაფად გაიყიდა, რომ პროდუქციის დეფიციტი გვაქვს, მხოლოდ ორი სახეობის კრემი დაგვრჩა მარაგში. ჩამოვასხამდით, მაგრამ ბოთლები უცხოეთიდან შემოგვაქვს, შეკვეთა მივეცით, მაგრამ დამზადება და მოწოდება დაგვიგვიანეს“, - აღნიშნა იზო გოგოძემ.
მისი თქმით, კომპანიის დღის წესრიგში გაფართოების აუცილებლობა დგას, ინვესტიციის სავარაუდო რაოდენობა 200-300 ათასი დოლარია, რაც მცირე მეწარმისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასა და სხვა პარტნიორის მოძიებისგან თავს იკავებს.
„მირჩევნია, ნელ-ნელა საკუთარი რესურსებით გავაფართოვო და განვავითარო ჩემი ბიზნესი“, - აღნიშნა იზო გოგოძემ.
30 გ-იანი დაფასოებით „იზოსიას“ საცალო ფასი 60 ლარია და მხოლოდ ორ მაღაზიაშია წარმოდგენილი. როგორც მეწარმე აცხადებს, მსხვილ სავაჭრო ქსელებში ადგილობრივ კომპანიებს პროდუქციას განთავსებაზე კაბალურ პირობებს უყენებენ.
„კარფურში 20 ათასი ლარი მომთხოვეს, რომ ჩემი კრემები 30-40 სმ-იან თაროზე დამედო, თან გაყიდვებიდან - რაღაც პროცენტი, სავაჭრო მოლებში ჩემი ბუტიკი რომ მქონდეს, თვეში ათას დოლარი უნდა გადავიხადო. ჩემი მაღაზია მირჩევნია“, - აცხადებს მეწარმე.
„იზოსიას“ კრემების ნაწილი ემიგრანტების მეშვეობით იტალიაშიც აქტიურად იყიდებოდა. მეწარმე აცხადებს, რომ ადგილობრივ, ან უცხოურ ბაზარზე თავის დამკვიდრების უფრო მეტი საშუალება რომ ჰქონდეს, საჭიროა, საკანონმდებლო ბაზა სრულფასოვანი იყოს.
„ნატურალურ პროდუქტებს ვიყენებ, მაგრამ ვერ დავამტკიცებ და ვერც სერთიფიკატებს ავიღებ, ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც კოსმეტიკური საშუსალებების წარმოებას არეგულირებს. ანუ, უნდა ევროპაში ავიღო შესაბამისი სერთიფიკატი“, - აღნიშნავს მეწარმე.