კონსერვების ექსპორტიორი კომპანია გადაიარაღებას გეგმავს
კასპში მდებარე კომპანია „თი ემ თი“, რომელიც ხილ-ბოსტნეულის კონსერვებს 2006 წლიდან აწარმოებს და ექსპორტზე ყიდის, გადაიარაღება-გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ მერაბიშვილმა eugeorgia.info -ს განუცხადა, თითქმის, დასრულებულია პროექტზე მუშაობა, რომელიც წვენების ჩამოსასხმელი ხაზისა და შოკური მაცივრების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
„წვენების ხაზი ახლაც გვაქვს, თუმცა, ნახევრადავტომატურია, ახალი ხაზის შედეგად კი მისი წარმადობა საათში - 1500-5000 ბოთლი იქნება, ამ ეტაპზე ვითვლით, რა მოცულობა იქნება უმჯობესი. რაც შეეხება მაცივარს, ვფიქრობთ, გაყინული პროდუქცია გავიტანოთ ექსპორტზე“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.
კომპანიის ხელმძღვანელმა პროექტის საინვესტიციო ღირებულებისა და სხვა დეტალების გახმაურებისგან,. ჯერჯერობით, თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ მონაწილეობას შეღავათიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ აპირებს.
„თი ემ თიმ“ კონსერვებსა და საწებლებზე შეკვეთა წელს აშშ-სა და ისრაელიდან მიიღო, თუმცა, მისი საექსპორტო ბაზრებში ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი და ყაზახეთიც შედის. კომპსნია აწარმოებს ვაშლის ჩირსაც.
„სამწუხაროდ, უამინდობის გამო ძალიან ცუდი მოსავალი იქნება, ორი დღის წინ ქართლში ისეთი სეტყვა მოვიდა, თესლოვანი და კურკოვანი ხილი სულ გაანადგურა, განსაკუთრებით ისეთ დიდ სოფლებში, როგორიცაა დოესი, ერთაწმინდა და ნოსტე. ფერმერები მეუბნებიან, რომ შემოდგომაზე ვაშლის მოსავალიც, სავარაუდოდ, საკმაოდ მცირე იქნება“, - აღნიშნა თამაზ მერაბიშვილმა.