ფოთში თევზის კომბინირებული საკვების ქარხანა აშენდება
კომპანია „შავი ზღვის პროდუქტები“ ერთ თვეში კომბინირებული საკვების ქარხნის მშენებლობას იწყებს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, გურამ წიწილაშვილმა eugeorgia.info-ს განუცხადა, საწარმოს მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 20 ათასი ტონა იქნება.
„კომბინირებულ საკვებს თევზის ფქვილისგან ვაწარმოებთ. საქართველოში ძალიან ბევრი საკალმახეა, შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარსა და, ასევე, ექსპორტზეც იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, მომავალში, თვითონაც ვგეგმავთ თევზის წარმოებას, საკალმახე მეურნეობის მოწყობას, თურქეთში ნაირ-ნაირი სახეობის თევზია, მათ მოშენებასა და ევროპაში ექსპორტზე გატანას“, - აღნიშნა გურამ წიწილაშვილმა.
კომბინირებული საკვების ქარხნის გარდა, კომპანია თევზის საკონსერვო ხაზის დამატებასაც გეგმავს, თუმცა, დეტალების გახმაურებისგან მენეჯმენტმა თავიშეიკავა.
„ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, შესაბამისად, რა მოცულობას ვაწარმოებთ, ამისი თქმა წინასწარ რთულია“, - აღნიშნა გურამ წიწილაშვილმა.
პროექტების საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი დოლარია. ფინანსური რესურსის მოძიებას კომპანია საკუთარი წყაროებიდან, ასევე სახელმწიფო პროგრამებიდან და ბანკებიდან აპირებს.
„შავი ზღვის პროდუქტები“ ფოთში თევზის გადამამუშავებელ ქარხანასა და თევზსაჭერ გემს ფლობს, აწარმოებს თევზის ფქვილს და ექსპორტზე თურქეთსა და პერუში გააქვს. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამების („აწარმოე საქართველოში“ და ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“) ფარგლებში 2,1 მილიონი დოლარის დაბალპროცენტიანი კრედიტი ერთხელ უკვე მიიღო. მათი მეშვეობით, შეძლო ქარხნის წარმადობის გაზრდა დღე-ღამეში 1500 ტონამდე, შეიძინა საწარმოო დანადგარები, გაზარდა სასაწყობო ფართი და გაარემონტა თევზის მისაღები სპეციალური ინფრასტრუქტურა.
„ჩვენი ქარხანა თანამედროვე სტანდარტებს შეესამება, გუშინ ქართული ქაფშია ევროკავშირმა მესამე ქვეყნების სიაში დაამატა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ევროპაში ჩვენი პროდუქცია შედარებით ხელსაყრელ ფასად გავიტანოთ. თუმცა, ამისთვის მოგვიწევს ახალი პარტნიორების მოძიება“, - განაცხადა გურამ წიწილაშვილმა.