„როსტერმა“ HACCP–ის სერთიფიკატი მიიღო
შპს „როსტერი“ მეფრინველეობის მცირე ოჯახურ მეურნეობებს შორის პირველია, რომელმაც HACCP-ის დანერგვაში დიდი ინვესტიცია განახორციელა. ხანგრძლივი მუშობის შემდეგ დღეს ქართულ კომპანიას უკვე HACCP-ის სერთიფიკატი აქვს. "როსტერი" ძირითადად ცოცხალ ქათამს, ერთდღიან წიწილებს, ქათმის საკვებსა და საკვებ დანამატებს ყიდის.როგორც კომპანიის ხელძღვანელი როსტომ პაპიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, საერთაშორისო სტანდარტის მისაღებად მათ ორწლიანი მუშაობა და დაახლოებით ნახევარი მილიონი დასჭირდათ. პაპიძის თქმით, ეს ინვესტიცია „როსტერს“ ბაზარზე დიდ უპირატეობას ანიჭებს – ერთი მხრივ, მათთვის სამუშაო პროცესი გამარტივდა, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებლისთვის პროდუქციის მაღალი ხარისხი შეუმჩნეველი არ დარჩება.
„ხორცის გადამუშავებაში დავნერგეთ ეს სტანდარტი. მთელი სასაკლაო რომ ავიღოთ – 300 კვ.მ. – ნახევარი მილიონი დაგვიჯდა. პირველ ეტაპზე 200 000–300 000, შემდეგ ხარჯები კიდევ გაიზარდა. ეს სტანდარტი უპირატესობას გვანიჭებს ბაზარზე. პირველ რიგში, სერთიფიცირებულ საწარმოში მუშაობა გაცილებით მარტივია, ეს მხოლოდ სერთიფიკატი ხომ არ არის, მოიცავს წესებს, რაც აადვილებს სამუშაო პროცესს. თავიდან გვიჩნდებოდა კითხვები, რამდენი წესია, მაგრამ ყოველდღიურად ვხვდებოდით, რომ ეს იყო აუცილებელი, საბოლოოდ ყველა წესი რომ დაინერგა, ძალიან გამარტივდა მუშაობა. მომხმარებელმაც კარგად იცის ყველაფერი, გრძნობს. დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენს პროდუქციაზე, იმდენს ვერ ვაწარმოებთ, რამდენიც გვეყიდება. აუცილებლად დავაწერთ ჩვენს პროდუქციას, რომ გვაქვს ჰასპის სერთიფიკატი, რადგან მომხმარებელთან კონტაქტის დასამყარებლად ეს საჭიროა. მე უკვე ვაკვირდები პროდუქციის შეძენის დროს, აქვს თუ არა კომპანიას საერთაშორისო სტანდარტი“, - ამბობს როსტომ პაპიძე.
სურსათის უვნებლობა მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში საბოლოო მომხარებლისთვის ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქტის მიწოდებას გულისხმობს. ევროკავშირში ეს პროცესი HACCP-ის საშუალებით რეგულირდება. HACCP-ის სტანდარტის მიხედვით, სურსათის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის პროცესში მინიმუმამდეა დაყვანილი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები. აქედან გამომდინარე, HACCP-ის სისტემის დანერგვა მთელი რიგ ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებთან, ასევე ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშრებული.