სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება
„საპარტნიორო ფონდი“ ისრაელის კომპანია Elbit Systems - Cyclone -თან ერთად, თბილისში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელ ქარხანას აშენებს. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, როგორებიცაა: Boeing, Airbus, Bombardier და სხვები.
პროექტი მიზნად ისახავს მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოს შექმნას, სადაც თვითმფრინავის დეტალები, მათ შორის კარები, აეროდინამიკური ზედაპირი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები ავიაციის სფეროში მოწინავე ტექნოლოგიით იქნება დამზადებული.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური საწარმო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ამ ტიპის საწარმო იქნება და მის მიერ წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
როგორც EUGeorgia.info-ს „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, პროექტის საინვესტიციო თანხა 85 მლნ. აშშ დოლარს, ქართული მხარის მონაწილეობა კომპანიის კაპიტალში კი - 67%-ს შეადგენს.
„ჩვენი კომპანია აწარმოებს სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილებს კომპოზიტური მასალებისგან, ისეთი მსხვილი მწარმოებლებისთვის, როგორიც არის Boeing-ი. ნედლეულის მწარმოებლები არიან კომპოზიტური მასალების მწარმოებელი ევროპული და ამერიკული კომპანიები. ჩვენი კომპანიის მიერ პროდუქცია იწარმოება თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს. ქარხანა იქნება სერტიფიცირებული უმსხვილესი საავიაციო კომპანიების მიერ. გარდა ამისა, საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იძლევა საშუალებას წარმოებული პროდუქციის ფასი იყოს კონკურენტული”, - აცხადებს EUGeorgia.info-სთან საუბარში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC - სს „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიები - ციკლონი") ფინანსური დირექტორი, მიხეილ ბეგიაშვილი.
მისი თქმით, დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 50-მდე თანამშრომელი. 2018 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 80-ს მიაღწევს, ხოლო საბოლოო ჯამში, როდესაც ქარხანა სრულად დაიტვირთება 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
„კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების 90%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გადიან ისრაელში. დღეისათვის 40-მდე მათგანი იმყოფება ისრაელში და გადის ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით: მექანიკური ინჟინრები, მექანიკოსები, ოპერატორები, ხარისხის მართვა და სხვ.“, - აღნიშნავს ბეგიაშვილი.
საპარტნიორო ფონდმა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ისრაელის ცნობილ კომპანია Elbit Cyclone-თან, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის პროექტს 2015 წელს მოაწერა ხელი.
ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია, რომელის წლიური ბრუნვა 130 მლნ აშშ დოლარს აღემატება. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები. ELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში, არის „NASDAQ-ზე" ("ESLT”) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კოტირებული კომპანია. 2013 წელს კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 3 მლრდ დოლარს შეადგენდა.