მცირე საწარმოს "ღვინის აკვანი" ქვევრის ღვინო ავსტრიული ლიდერი ღვინის მაღაზიის WEIN & CO-ს ქსელში იყიდება
მცირე საწარმოს "ღვინის აკვანი" ქვევრის ღვინო ავსტრიული ლიდერი ღვინის მაღაზიის WEIN & CO-ს ქსელში იყიდება
ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანია "ღვინის აკვანი" ღვინოს ავსტრიაში ყიდის. კომპანიის ღვინო ერთჯერადად სხვადასხვა ქვეყანაში გაუტანიათ, მაგრამ პირველი გრძელვადიანი ხელშეკრულება ავსტრიულ ფირმასთან WEIN & CO-ს გააფორმეს, რომელიც ავსტრიის ყველაზე დიდი ღვინის მაღაზიების ქსელია. ამ ქსელის მაღაზიებში "ღვინის აკვანის"-ს 1 ბოთლი ქვევრში კახური წესით წარმოებული კახური მწვანე (მანავი) 35 ევრო ღირს.
კომპანიას WEIN & CO-სთან კონტაქტის დამყარებაში "ღვინის აკვანს" კვების ბიზნესში გამოცდილი ქართველი პარტნიორი ბუთა დოლიძე, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციითაა დაინტერესებული, დაეხმარა. მან თავის თავზე აიღო ავსტრიაში ქართული ღვინის რეკლამირება, ჩამოაყალიბა ქართული კულტურული ცენტრი და ასევე თანამშრომლობს WEIN & CO-სთან, როგორც ნატურალური (მათ შორის ქვევრში დაყენებული) ღვინოების ექსპრეტი. თავდაპირველად, სადემონსტრაციოდ გაიგზავნა კახური მწვანეს ღვინო. იქ გაიარა შესაბამისი კონკურსი და ავსტრიელი სომელიების მოწონება დაიმსახურა, დღეს კი უკვე ქართული ქვევრის ნატურალური ღვინო მათ დახლებზეა განთავსებული.
შპს "ღვინის აკვნის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი მუჩაიძის შეფასებით ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ბაზარზე შესასვლელად მაღალი ხარისხის პროდუქცია და კონტაქტებია: "ტექნიკური დეტალები ჩვენთვის ძნელი მოსაგვარებელი არ ყოფილა, მთავარია მაღალი ხარისხის პროდუქცია გქონდეს და სანდო პარტნიორი გყავდეს, სხვა დანარჩენი მარტივი მოსაგვარებელია, ლაბორატორიული შემოწმება იქნება ეს თუ სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება."
ღვინის სამმა ენთუზიასტმა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს ქართველი და არამარტო ქართველი მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ ისეთივე მაღალი ხარისხის ნატურალური ღვინო, როგორსაც თავად მიირთმევდნენ ოჯახში. პირველად ღვინო 2013 წელს ჩამოასხეს, რის შემდეგაც გააფართოეს ღვინოების პრეისკურანტი და ეცადნენ ქართული უნიკალური ჯიშების წინ წამოწევას, მაგალითად წელს საფერავთან ერთად დააყენეს ქისი და ხიხვი. ასევე აწარმოებენ კახური მწვანეს ღვინოს მანავიდან . ამ ეტაპზე კომპანია წელიწადში 5 ათას ბოთლამდე ქვევრის ღვინოს ასხამს. კომპანიის დამფუძნებლები კახური წესით დაყენებულ ღვინოზე იღებენ ორიენტაციას, რადგან მათი აზრით ჭაჭაზე დაყენებული თეთრი ღვინო გამორჩეულია მსოფლიო მასშტაბით და ეს წარმოაჩენს საქართველოს განსაკუთრებულ ნიშას. საქართველოში განსხვავებული და უნიკალური ღვინის დამზადების ტექნოლოგიის არსებობა კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია, რომ საქართველო უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. მოგეხსენებათ, ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა და ასევე, უახლესი კვლევებით საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარეს.
"ჩვენ კომპანიასაც "ღვინის აკვანი" ჰქვია და გვაქვს ორი ბრენდი "ჯივაინი" და "ჰარალე". გვაქვს სპეციალურად შერჩეული ვენახები მიკროზონების მიხედვით, სადაც მაღალი ხარისხის ყურძენი მოდის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხარისხის დაცვა და შენარჩუნება. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ყურძნის ხარისხი შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ გვაქვს ორი ხარისხის ღვინო პრემიუმი და პრემიუმს ქვემო ხარისხის. ამით ჩვენ ვუფრთხილდებით მაღალი ხარისხის ბრენდის სახელს. ჩვენ ქვევრის ღვინოს არანაირი დანამატი არ აქვს, ღვინო ნატურალურია, ასევე ვაკონტროლებთ ყურძნის მოყვანის პროცედურებსაც (ჰერბიციდი და ნიტრატები არ უნდა გამოიყენებოდეს ყურძნის მოყვანისას). კომპანიის ერთ-ერთი ყურძნის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ცნობილი მევენახე-მეღვინე კობა ქვაჭრელიშვილია, რომელიც ბიო წარმოების პრაქტიკის მიხედვით უვლის ვენახს. მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ნატურალური ყურძენი ყველანაირი ჩარევის გარეშე ხვდება ქვევრში და შემდეგ უკვე ბოთლში. შესაბამისად ჩვენი ღვინო ევროკავშირის ყველა სტანდარტს და ლაბორატორიულ შემოწმებას აკმაყოფილებს. ჩვენი ორიენტაციაც სწორედ ევროპის, ამერიკის და იაპონიის ბაზრებისკენაა მიმართული. ევროპაში და იაპონიაში ნატურალურ ღვინოებზე განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნაა და შესაბამისად ფასებიც", - აღნიშნავს მუჩაიძე eugeorgia.info-სთან საუბარში.
"ევროპის ბაზარზე მოსახვედრად ძალიან მნიშვნელოვანია გულმოდგინება და მთელი ძალისხმევის ჩადება ამ საქმეში, რადგან ქვევრის ღვინის მიღება ძალიან შრომატევადი პროცესია (სისუფთავის დაცვა, ქვევრის სათანადოდ გარეცხვა, მასში დავარგებული ღვინის მოვლა და ა.შ). თუმცა კაცი თუ მოინდომებს შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს როცა საქართველოში უამრავი მიკროზონა და კარგი ვენახებია, ცოდნას და პრაქტიკას თუ მიიღებ, კონკურსებზე ივლი და რამდენიმეჯერ ექსპერიმენტულად დაყენების შემდეგ აუცილებლად მიიღებ მაღალი ხარისხის ღვინოს."
დამწყებ მეღვინეებს და ბიზნესმენებს მუჩაიძე ურჩევს: "რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საწარმოო პროცესის აწყობა და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება. თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი წინასწარ ბაზრების მოძიებაა. დასავლეთში და განვითარებულ ქვეყნებში ჯერ პოტენციური კლიენტის იდენტიფიკაცია ხდება და შემდეგ მას ერგება წარმოება. ჩვენთან კი პირიქით ხდება ხოლმე, კარგი პროდუქცია გინდა აწარმოო, მაგრამ არც კი გიფიქრია გასაღების გზებზე. ჩადებ დიდ შრომას და შემდეგ გაყიდვის პრობლემა გექმნება. ეს პრობლემები ჩვენც გვქონდა თავიდან და შემდეგ მარკეტინგისთვის, ცნობადობის ამაღლებისთვის ბიუჯეტიც გამოვყავით. საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის შესახებ ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით კვლავ პრობლემაა. ამ მიმართულებით ნელ-ნელა ვითარდება სიტუაცია. ჩვენც მივხვდით, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დისტრიბუტორებთან და პარტნიორებთან კონტაქტების დამყარება საწყის ეტაპზევე აუცილებელია. ეს გეხმარება, რომ დაადგინო ვინ არის შენი პოტენციური მყიდველი და შენ რა ნიშა შეგიძლია დაიკავო ბაზარზე ამა თუ იმ მაღაზიაში/ქსელში."
კომპანიის დამფუძნებელი სხვა დაინტერესებულ პირებსაც ურჩევს გამოიყენონ საქართველოში არსებული უნიკალური შესაძლებლობა და მსოფლიო ბაზარზე ქვევრის ნატურალური ღვინის ნიშის დაკავებით ისარგებლონ. ჭაჭაზე დაყენებული ქვევრის თეთრი ღვინო სხვა ღვინოებისგან გასხვავებით შეიცავს მეტ ანტიოქსიდანტს, რაც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მუჩაიძის თქმით, ამ მახასიათებლის გამო იაპონელები ნატურალური ქვევრის ღვინით განსაკუთრებით ინტერესდებიან. ასევეა ამერიკაშიც, იქ ნატურალური ღვინო და ზოგადად ნატურალური პროდუქცია ცალკე მაღაზიებში იყიდება. ასევე არსებობს მაღაზიები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ მსოფლიოში არსებული ღვინოების მთლიანი სპექტრი ჰქონდეთ. მუჩაიძის შეფასებით: "ამ ბაზრებზე ქარვისფერი ღვინის ნიშა იქმნება, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის ღვინის გაყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რადგანაც, როგორც მისი გამომგონებნლები, ამ ტიპის ღვინის ნიშაში სუპერძალას წარმოავადგენთ. საერთაშორისო ბაზარზე ეს ნიშა, რომელშიც სახელი გავითქვით, თანდათან მკვიდრდება და ისაა ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე გამტანი ლოკომოტივი. მნიშვნელოვანია, რომ ღვინის სააგენტო ცდილობს კახური წესით, ჭაჭაზე დაყენებული თეთრი ღვინო მსოფლიოში ცალკე სახეობად დარეგისტრირდეს და ქარვისფერი ღვინო დაერქვას. ეს მართლაც განსაკუთრებული, ჯანსაღი პროდუქტია, ევროპული ტიპის ღვინისგან კახური წესით დაყენებული ღვინო მართლაც ძალიან განსხვავდება და გამოუცდელი დამგემოვნებლისთვისაც კი ადვილი გამოსარჩევია მისი უნიკალური გემო".