საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2%-ით გაიზარდა
2017 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 844.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 646.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (13%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2 197.5 მლნ. აშშ დოლარი (0.8 %-ით ნაკლები).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 26.6% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.7% და იმპორტში 27.5% (2016 წელს შესაბამისად 29.6, 27.1 და 30.4%).
ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29.5% (2016 წელს 31.7%). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წელს 3 541.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წელთან შედარებით 30.2%-ით მეტი). აქედან ექსპორტი 1 180.7 მლნ. აშშ დოლარი (60.0%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2 360.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (19.2%-ით მეტი).
2017 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 589.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 183.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (939.5 მლნ. აშშ დოლარი). მიმდინარე წელს, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორთა სიაში მოხვდა აშშ და ევროკავშირის 3 ქვეყანა: გერმანია, ბულგარეთი და იტალია.
2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 419.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.4% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 306.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.3%-ს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 234.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.6% შეადგინა.
საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით 2014 წლის 1 სექტემბრიდან სარგებლობს, რაც ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის 28 ქვეყნის ბაზარზე საქონელი საბაჟო და სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ