2 ქართული კომპანია ინგლისში გასაგზავნად მატყლის მორიგ პარტიას ამზადებს
2 ქართული კომპანია ინგლისში გასაგზავნად მატყლის მორიგ პარტიას ამზადებს
შპს „ქართული მატყლის კომპანიის” დამფუძნებელი ზაურ კულიევი პირველი იყო, ვინც მატყლი ევროპაში გაიტანა, ამბობს, რომ ამჯერად 100 ტონაზე აქვს შეკვეთა დიდი ბრიტანეთიდან, თუმცა, ნედლეული რომ იყოს, მეტის გაგზავნასაც შეძლებდა.
„შარშან 200 ტონაზე მეტი მატყლი გავგზავნე დიდ ბრიტანეთში. საზღვარზე უპრობლემოდ შეუშვეს. პროდუქციით კმაყოფილები არიან. შენიშვნა არ ყოფილა თუმცა, ამჟამად ისაა პრობლემა, რომ ფასი დაბალია. კილოგრამის შესასყიდი ფასი 60 ცენტამდე დაეცა, როცა შარშან წლის დასაწყისში დოლარი და 20 ცენტი იყო. ჩვენი მატყლი შედარებით უხეშია, ამიტომ დაბალი ფასი აქვს. მატყლი უხეშია იმას გულისხმობს, რომ გარეცხვა და გასუფთავება სჭირდება. ამის გაკეთება კი ჩვენთან ძალიან რთულია. მატყლის სარეცხი დანადგარი მილიონ ლარამდე ჯდება, ამიტომ მის ყიდვას ვერ მოვახერხებ. იძულებულები ვართ ინგლისურ კომპანიას დაუმუშავებელი ე.წ. “უხეშ მატყლი” მივაწოდოთ. მთის მატყლი უფრო სუფთაა, მაგალითად, დმანისში შეგროვილი მატყლი, მაგრამ რადგან შარშან დიდი შეკვეთა მქონდა შესასრულებელი, ყველასგან ვიბარებდი. გასულ წელს დეკემბერში მატყლი ბათუმიდან და ახალციხიდანაც ჩამომიტანეს”, - ამბობს ზაურ კულიევი www.eugeorgia.info-სთან საუბრისას.
„ქართული მატყლის კომპანია"- ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პოტენციური პარტნიორები ცოტა ხნის წინ გერმანიიდან და იტალიიდან დაუკავშირდნენ და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
„მატყლის ნიმუშები უკვე გავუგზავნეთ და ხარისხით კმაყოფილები დარჩნენ. თანახმა არიან კილოგრამი 80 ცენტად შეიძინონ. საერთოდ, უფრო მერინოსის ჯიშის ცხვრის მატყლზეა მოთხოვნა, რაც გაცილებით ძვირი ღირს, მაგრამ ამ ჯიშის ცხვარი ჩვენთან არავის ჰყავს”, - ამბობს ზაურ კულიევი.
შეკვეთა ინგლისიდან მეორე ქართული კომპანიის "ჯორჯიან ვულსაც" აქვს. გასულ წელს კომპანიამ დიდ ბრიტანეთში ერთი პარტია გაიტანა. წელს 20 ტონაზე აქვს შეკვეთა და საჭირო რაოდენობის მატყლი საექსპორტოდ თებერვლის ბოლომდე უნდა შეაგროვოს. კომპანიის წარმომადგენელი გია ხადილაშვილი ამბობს, რომ ხარისხიანი, სუფთა მატყლის შეგროვება ამ სეზონზე ჭირს, რადგან მთაში ჯერ თოვლია და ტრანსპორტირებაც გაძნელებულია. ადგილობრივებისგან კომპანია კილოგრამ მატყლს 40-დან 60 თეთრად იბარებს. ინგლისელმა დამკვეთმა შესასყიდი ფასი „ჯორჯიან ვულსაც" შეუმცირა, რისი მიზეზიც პროდუქციის ხარისხი გახდა.
„ჩვენი მატყლი სქელი და უხეშია. ის უმეტესად ხალიჩებისთვის გამოიყენება. იმის გამო, რომ მისი გარეცხვა და დამუშავება არ შეგვიძლია, მაღალ ფასს არ იხდიან”,- ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბრისას გია ხადილაშვილი.
მატყლის მწარმოებლები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ მატყლის იმპორტზე ემბარგოს შემოღების შემდეგ ბაზარზე ფასმა ზემოთ აიწია. ამიტომ ახლა რუსეთში ევროპულ ფასზე მეტს იხდიან. თუმცა, საქართველოდან რუსეთში პირდაპირ შეტანა შეუძლებელია და მხოლოდ შემოვლითი გზებით თუ მოხდება. ევროპულზე მაღალი ფასია მატყლზე ჩინეთშიც. ამიტომ ქართულ მატყლზე მოთხოვნა ამ ქვეყნიდანაც გაიზარდა.
ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია შპს "ჯორჯიან ვულ" და შპს "ქართული მატყლის კომპანია" 2016 წლის თებერვალში აღიარა. საქართველო დაემატა ე.წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი ( გაურეცხავი) მატყლის შეტანა შეიძლება. ევროკავშირის ქვეყნებში დაუმუშავებელი მატყლის გატანა ახლაც მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია.
ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის, როგორ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შეტანას, ევროკავშირის დირექტივა N142/2011 და დირექტივა N97/78 არეგულირებს.
იმისთვის, რომ ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოშობის სერტიფიკატი - EUR1. გარდა ამისა, უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და შესაბამისი სერტიფიკატიც ჰქონდეს. კიდევ ორი მოთხოვნის შესრულებაა საჭირო: 1. მატყლი უნდა იყოს კარგად გამშრალი და უსაფრთხოდ შეფუთული და 2. გაიგზავნოს პირდაპირ იმ საწარმოში, სადაც მისი გადამუშავება მოხდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე დაავადების გავრცელება.
თუ ამ ორი მოთხოვნიდან რომელიმე არ სრულდება - მაგალითად, მატყლი არ არის შეფუთული უსაფრთხოდ, ან არ მიდის პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მას გადაამუშავებს, მატყლი ჩაითვლება ჩვეულებრივი ცხოველური წარმოშობის პროდუქტად, რომელმაც შეიძლება მიმღებ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს და მას მიმღები ქვეყნის საბაჟო უკან დააბრუნებს.
ავტორი: ნონა ქვლივიძე