საერთაშორისო ექსპერტი საქართველოს ვენახების კადასტრის შედგენაში დაეხმარება
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(GIZ) მხარდაჭერით, ქართულ მხარეს ვენახების კადასტრის შედგენაში საერთაშორისო ექსპერტი დაეხმარება. პორტუგალიელი ანა ლუჟი 2018–2019 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში კონსულტანტად იმუშავებს. სწორედ მისი დახმარებით მოხდება პროგრამის ევროკავშირში მოქმედ სტანდარტებთან დაახლოება.
როგორც eurogeorgia.info-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საქართველოში კი ასეთი სისტემა არ არსებოდა. 2014 წლიდან როდესაც პროგრამაზე მუშაობა დაიწყო, საჭირო გახდა გამოცდილი ექსპერტების ჩართვაც. მათ შორის იყო ანა ლუჟი.
“ანა ლუჟი კადასტრის აღიარებული სპეციალისტია. საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარების მიზნით, გასულ წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში მოკლევადიანი ვიზიტებით იმყოფებოდა. მისი კონსულტაციები აღმოჩნდა პროდუქტიული და ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია” – განაცხადეს სააგენტოში.
პროგრამის ფარგლებში უკვე აღირიცხა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 886.9 ჰექტარი, ყვარლის რაიონში 5 533,4 ჰა, თელავში – 5 477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში – 1 818,2 ჰექტარი ვენახი. თუმცა, როდის დასრულდება პროგრამა და როდის ექნება ქვეყანას სრულყოფილი მონაცემები ვენახისა და ღვინის შესახებ , ჯერ ჯერობით უცნობია.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა–მეღვინეობის სფეროში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად და დარგის რეგულირებისათვის.
ავტორი: მარი როჭიკაშვილი