„იმერეთი გრინერის” ევროკავშირის დახმარებით ქართული ბოსტნეული ევროპული ტექნოლოგიებით მოჰყავს
ქართულ-ჰოლანდიურმა საწარმომ, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსება მიიღო, რის შედეგადაც გაზარდა წარმოება და, შესაბამისად, მოგებაც. პროექტის ფარგლებში კომპანიის შემოსავალი 380%-ით გაიზარდა, წარმოება - 75%-ით, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა -129%-ით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამა - “კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის” აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება გაფართოებასა და წარმატების მიღწევაში, იმისათვის, რომ გახდნენ ეკონომიკის კატალიზატორები, ჯერ ადგილობრივად, შემდეგ კი რეგიონის მასშტაბით. პროგრამა საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო მეწარმეებს მიიღონ 10,000 ევრომდე გრანტი და საკონსულტაციო მომსახურება თანადაფინანსებით.
სამტრედიაში მდებარე სასათბურე მეურნეობა 2 ჰექტარზეა გაშენებული. ამჟამად საწარმოს სალათის ფურცელი, კიტრი და პომიდორი ჰიდროფონიკის სისტემაზე აგებულ სათბურში მოჰყავს. ეს უკანასკნელი სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მეთოდია და მცენარის უნიადაგოდ მოყვანას გულისხმობს. სათბურში ბუნებრივ რესურსებსაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან: აქ გასათბობად გეოთერმულ წყაროებს იყენებენ. “იმერეთი გრინერი” სათბურში მოყვანილი სალათის ფურცლითა და კიტრით ცნობილ სუპერმარკეტების ქსელებსა და მაღალი კლასის სასტუმროებს ამარაგებს. ახლო მომავალში საწარმო ბადრიჯნის წარმოებასაც გეგმავს.
პროგრამის დახმარებით 2016 წელს კომპანიამ ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სისტემა დანერგა, რამაც ფინანსური ანგარიშგება გაცილებით ეფექტური, ხოლო ბანკებთან ურთიერთობა პროდუქტიული გახადა.
პროექტის შემდეგ, “იმერეთი გრინერიმ” დაფინანსება მიიღო და სათბურში LED განათების სისტემა დაამონტაჟა, რაც მოსავლის მოყვანის მდგრადობას, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში უწყობს ხელს. კომპანია სასათბურე მეურნეობის გაფართოებას გეგმავს იმერეთში, ასევე მსგავსი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მეურნეობა სამეგრელოშიც მოეწყობა.
“იმერეთი გრინერიში” ამჟამად 54 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 96% არის ადგილობრივი მოსახლეობა:
„განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი კომპანია გაფართოებასთან ერთად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ეს რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ - ამბობს "იმერეთი გრინერის" დირექტორი, ნათია ხელაია.
კომპანიის ერთ-ერთი გეგმა თურქეთიდან იმპორტირებული სალათის ფურცლის ჩანაცვლებაა. სასათბურე მეურნეობა ასევე, პროდუქტის ექსპორტზე გატანას თავდაპირველად მეზობელ, ხოლო შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს.
კომპანიის დირექტორი მიიჩნევს, რომ ქალის როლი დღეს ბიზნესში საკმაოდ მნიშვნელოვანია და თავის გამოცდილებას სხვა დამწყებ ქალ მეწარმეებს უზიარებს:
“წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ფაქტორთაგანია თავდაპირველი დაგეგმარება, სწორი ბიზნეს გეგმის შემუშავება ბაზრის კვლევებსა და ანალიზზე დაყრდნობით. შემდგომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და მისი პრაქტიკაში განხორციელება”- ამბობს ნათია ხელაია.
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალი მეწარმეების გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროექტია “ქალები ბიზნესში”, რომელსაც EBRD ახორციელებს. მხარდაჭერა მოიცავს მეწარმე ქალების მიერ მართული კომპანიების ბიზნეს-კონსულტაციებს, ტრენინგს და მენტორინგს.
ავტორი: ქეთი მელქაძე