საწყობი ევროპაში - ეკონომიკის სამინისტრო ექსპორტის კონსოლიდაციაზე მუშაობს
ეკონომიკის განვითარების სამინისტრო ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირში ლოჯისტიკური ცენტრის შექმნაზე მუშაობს.
„საექსპორტო პროდუქცია საქართველოში, ჯერჯერობით, დიდი რაოდენობით ვერ იწარმოება, ამიტომ სატრანსპორტო კომპანიები ჩვენს მეწარმეებს ტვირთის გადაზიდვას მისაღებ ფასად ვერ სთავაზობენ. ვფიქრობთ, გამოსავალია ტვირთების კონსოლიდაცია და საზღვარგარეთ საწყობების შექმნა“, - განუცხადა eugeorgia.info-ს შემოქმედებითი მეწარმეობისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოფო ბენდიაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტრო ექსპორტიორებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს უკვე დიდი ხანია აწარმოებს და რამდენიმე მოდელზე მუშაობს.
„ჯერჯერობით, კონკრეტულ ინსტრუმენტებზე ვერ ვისაუბრებ, მიდის დაანგარიშება, რომელი მიმართულება უფრო ეფექტური იქნება. რამდენიმე კვირაში უკვე ჩამოვყალიბდებით და ინფორმაცია საჯარო გახდება“, - განაცხადა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა.
ლოჯისტიკური ცენტრის ლოკაციის ადგილად ამ ეტაპზე ლატვია, გერმანია, ან ჰოლანდია განიხილება.
„თუ პროექტი გაამართლებს, მსგავსი საწყობების შექმნას მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ“, - აღნიშნა სოფო ბენდიაშვილმა.
ბელა ნოზაძე