ევროპულ სტანდარტებს სოფლის მეურნეობაში წელს 25 რეგულაცია უნდა დაუახლოვდეს
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წელს 25 დირექტივა უნდა შეიმუშავოს.
გეგმის მიხედვით, ვეტერინარიაში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში წელს 10-მდე რეგულაციაა მოსაყვანი. ისინი, ძირითადად, ღორისა და შინაური ფრინველების დაავადებების (კლასიკური, აფრიკული ჭირისა და ფრინველის გრიპის) იდენტიფიკაცია- რეგისტრაციისა და კონტროლის გასატარებელ ი ღონისძიებებს ეხება.
სურსათის უვნებლობის კუთხით, 9 დირექტივაა მისაღები: უნდა შემუშავდეს სურსათსა და ცხოველთა საკვებში პესტიციდების ნარჩენების დასაშვები დონე. ამასთანავე, დღის წესრიგში დგას სურსათის კვებითი ღირებულების, საკვები დანამატების და სურსათში ვიტამინების, მინერალებისა და სხვა ნივთიერებების დამატების საკითხების დარეგულირება. წელსვე უნდა განისაზღვროს სურსათში ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, არაორგანული კალის, 3-MCPD-ის და ბენზ(ა)პირენის დონის სახელმწიფო კონტროლის მეთოდები.
რეგულაციებს დაექვემდებარება ფიტოსანიტარიაში 3 საკითხი: მავნე ორგანიზმების შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ დამცავი ღონისძიებები, მცენარეების მწარმოებლებისა და იმპორტიორების ვალდებულებები რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, კარტოფილის ნემატოდების კონტროლთან დაკავშირებული წესები.
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წელს მთავრობამ ორი დადგენილება შეიმუშავა, მათ შორის, მომხმარებლებისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესები.