ლურჯი მოცვის წარმოებაში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო
კომპანია “ვანრიკაგროგრუპი“, რომელსაც ოზურგეთში ლურჯი მოცვი მოჰყავს და ექსპორტზე ევროკავშირსა და რუსეთში გააქვს, მეურნეობის გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, არჩილ პაიჭაძემ eugeorgia.info-ს განუცხადა, წლის ბოლომდე 100 ჰა-მდე პლანტაციის გაშენებას აპირებენ, რის შედეგად „ვანრიკის“ მოცვის ბაღების საერთო ფართობი 150 ჰა-ს მიაღწევს.
„პროექტში თანამონაწილეობის სახით საპარტნიორო ფონდი 2 მილიონ დოლარს დებს, ის საწესდებო კაპიტალში 40% -ით შემოვიდა. საერთო ჯამში, კომპანიაში დაარსების დღიდან, ანუ, 2012 წლის ბოლოდან დღემდე 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“, - აღნიშნა არჩილ პაიჭაძემ.
„ვანრიკ აგროგრუპი“ წელს 100 ტონა მოცვის ექსპორტირებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიამ საზღვარგარეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სადემონსტრაციო ბაღებში წარმოებული 60 ტონა კენკრაც გაიტანა. იმავე მოცულობის მოცვის შესყიდვას წელსაც აპირებდა, თუმცა, ნაკვეთების პრივატიზაცია განხორციელდა.
„ჯერჯერობით, არ ვიცი, ვინ არიან მეპატრონეები. თავისუფლად შესაძლებელია, თავად მოინდომონ პროდუქციის გაყიდვა. მოსავლის აღებამდე ჯერ თვე-ნახევარია დარჩენილი, მანამდე შევეცდები, მათთან ურთიერთობა დავამყარო“ , - აღნიშნა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა,
“ვანრიკაგროგრუპი“ კენკრის ერთადერთი ქართველი მწარმოებელია, რომელსაც ევროკავშირში გატანისთვის აუცილებელი საერთაშორისო სერთიფიკატი „გლობალგეპი“ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ სადემონსტრაციო ფართობების ახალი მფლობელები „ვანრიკთან“ პარტნიორობას არ მოინდომებენ, საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რუსეთში ან აზერბაიჯანში მოუწევთ .
„შავ მოცვზე ფასთა შორის სხვაობა ევროპულ და რუსულ ბაზრებზე დიდი არ არის, თუმცა, რუბლის დევალვაციის გამო რუსეთი ნაკლებად მიმზიდველია. გარდა ამისა, პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანაა“, - აღნიშნა არჩილ პაიჭაძემ.
ბელა ნოზაძე