“ქარელის ჩირი“ ევროპულ ბაზარზე შესვლას გეგმავს
“ქარელის ჩირს“ ევროპულ ბაზარზე შესვლა სურს, - ამის შესახებ „ქარელის აგროინდუსტრიული კომპანიის“ დამფუძნებელმა, გიორგი კვირიკაძემ, eugeorgia.info-ს განუცხადა. კომპანია საქართველოში შავი ქლიავის ყველაზე დიდ ბაღსა და ჩირის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს.
„პროდუქცია წელს პირველად გამოვუშვით და ჯერ შიდა ბაზარზე ვართ წარმოდგენილნი. ჩვენი დაფასოებული ჩირი „გუდვილის“, „ორი ნაბიჯისა’ და „ზღაპარის“ სავაჭრო ქსელებში იყიდება. „ქარელის ჩირი“ იმპორტირებულთან შედარებით, გაცილებით იაფია: ერთი პაკეტის ფასი 3-3,5 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა თურქული ჩირი 5,7 ლარი, გერმანული კი - უფრო ძვირი ღირს“, - აღნიშნა კვირიკაძემ.
როგორც მეწარმემ განაცხადა, შავი ქლიავის ჩირის მოხმარება საქართველოში მცირეა - წელიწადში 55 ტონამდე, ამიტომ სამომავლოდ, საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანა მოუწევს.
„გერმანიაში უზარმაზარი ბაზარია, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით შავი ქლიავის ჩირის მოხმარება 10-ჯერ მაღალია. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით უნდა გავვაქტიურდეთ. ჯერჯერობით, უცხოეთში პარტნიორები არ მოგვიძიებია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ იქნება“, - მიიჩნევს მეწარმე.
„ქარელის აგრო ინდუსტრიული კომპანია“ შიდა ქართლში ექვსი წლის წინ დაფუძნდა და 25 ჰა მიწაზე ადგილობრივი და უცხოური (მათ შორის, „სტენლისა“ და „იმპრესის" ჯიშის ქლიავის ბაღი გააშენა.
„ძალიან გვინდოდა, რომ აგრობიზნესი დაგვეწყო. გვქონდა მიწა, ანალიზები ავიღეთ, რომლებმაც გვიჩვენა, რომ აქ ყველაზე გემრიელი ქლიავი მოდის. ავდექით და ნერგები ჩავყარეთ. საკმაოდ კარგი ჯიშებია - წესით, ჰა-ზე 20-30 ტონა მოსავალი უნდა ავიღოთ. ერთი კგ ჩირის წარმოებას კი 6 კგ ხილი სჭირდება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაძემ.
კომპანიას ხილის გადამამუშავებელი ხაზი და საშრობი 2 მილიონი ლარი დაუჯდა. აღნიშნული თანხა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიდან მოიძია.
ბელა ნოზაძე