ნარჩენების მართვის სტრატეგიის განხორციელება საქართველოს 130 მილიონი ევრო დაუჯდება
საქართველოში, ყოველ წლიურად 900 ათასი ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, ანუ, ერთი ადამიანი წელიწადში, საშუალოდ, 200 კგ ნაგავს წარმოქმნის, - აღნიშნულია ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 475 კგ-ია, თუმცა, ევროპაში ნარჩენების თითქმის ნახევრის (44%) რეციკლირება ხორციელდება.
როგორც ნარჩენების მართვის სტრატეგიაშია აღნიშნული, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებს მხოლოდ 4 ნაგავსაყრელი შეესაბამება. საერთო ჯამში, აღრიცხულია 60-მდე ნაგავსაყრელი, საიდანაც 13 დაიხურა, ხოლო - 28 განახლდა. ამავე დროს, თითქმის, ყველა სასოფლო დასახლებას ერთი ან მეტი მცირე ზომის სტიქიური ნაგავსაყრელი აქვს,რომლებიც ხშირად მდინარეების ნაპირებზე ან მოსახლეობასთან ახლოს მდებაროებს.
მართალია, ახალი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” 2015 წელს შევიდა ძალაში,თუმცა, მისი სრული ამუშავებისთვის აუცილებელია მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების მიღება. მაგალითად, კოდექსი არ არეგულირებს სამთო-მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილ ნარჩენებს, რომლებიც დიდ რისკს წარმოადგენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის; არსებული კანონი „წიაღის შესახებ“ კი არ შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.
საქართველოში სუსტად არის განვითარებული ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების და რეციკლირების პრაქტიკა.
შეზღუდული რაოდენობითაა ისეთი მასალების რეციკლირების ობიექტები, როგორიცაა ქაღალდი, მინა, პლასტიკი და სხვა. თუმცა, არ ხდება აღდგენილი პროდუქციის აღრიცხვა და, შესაბამისად, მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. ამ კომპანიებისთვის წელს პირველი აგვისტოდან სავალდებულო გახდება ინფორმაციის წარდგენა - ანგარიშგების სამართლებრივი ვალდებულება.
სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის ნარჩენების სეპარირების სისტემა ჩამოყალიბდება, 2030 წლისთვის კი სამივე ნარჩენის 80%-90% -ით რეციკლირება განხორციელდება.
ამოქმედდება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი, რომლის მიხედვით, „ნარჩენების წარმომქმნელთა წრემ" - მოსახლეობამ, მეწარმეებმა, მომსახურების სექტორმა და ა.შ. მისი მართვის ხარჯები (შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების) უნდა დაფაროს.
ხარჯების ამოღების ორი სხვადასხვა სისტემა იმუშვებს, შესაბამისად, კერძო სექტორსა და მოსახლეობისთვის განსხვავებული მოსაკრებელი დაწესდება.
სტრატეგიის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასა და კერძო სექტორიდან ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემა 2020 წლისათვის შემუშავდება, რაც შეეხება განხორციელებას, ეტაპობრივად, 2025-2030 წლებში იგეგმება.
გარდა ამისა, 2019 წლიდან ძალაში შედის „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“. ეს კი გულისხმობს წარმოებული პროდუქციისგან მიღებული ნარჩენების შეგროვების და დამუშავების ვალდებულებას მწარმოებლს მიერ. „მგვ“, ძირითადად, შემდეგი სახის ნარჩენებზეა ორიენტირებული: ბატარეები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი მასალა და ელექტრონული საქონლის ნარჩენები. ამ პრაქტიკის დანერგვის ხელშესაწყობად, დაგეგმილია საქართველოში ვალდებულებებისა და წამახალისებელი ზომების კომბინაცია.
სტრატეგიაში დეტალურადაა აღწერილი ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნარჩენების მართვისთვის მომდევნო 15 წლის განმავლობაში, მათი ღირებულება ჯამში, დაახლოებით, 130 მილიონ ევროსა და 13 მილიონ ლარს აღწევს. ფინანსური რესურების წყაროდ დასახელებულია დონორები და ევროკავშირი.
„ღონისძიებების განუხორციელებლობის ყველაზე დიდი რისკია პროფესიული პასუხისმგებლობისა და ფინანსური რესურსების ნაკლებობა“, - აღნიშნულია სტრატეგიაში.
ბელა ნოზაძე