მედიკამენტების ექსპორტიორ კომპანიებს „ჯი ემ პი“ სტანდარტის დანერგვა მოუწევთ
ბათუმის ფარმაცევტულ საწარმო „ბიოპოლუსში“ საერთაშორისო „ჯი ემ პი“ სტანდარტის მისაღებად გადაიარაღება მიმდინარეობს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, გელა ობოლაშვილმა, eugeorgia.info -ს განუცხადა, 3000 კვადრატული მეტრზე განთავსებული საამქრო მთლიანად განახლდება, დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობა არ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და მის დაფინანსებას შუააზიელი პარტნიორები უზრუნველყოფენ.
„საქართველოს ბაზარი პატარაა, შესაბამისად, თუ კომპანიას განვითარება სურს, ექსპორტზე უნდა გავიდეს. ბოლო წლებია, რაც ქართული ფარმაცევტული კომპანიები დსთ-ის ბაზარზე აქტიურობენ. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში წამალს დღეს უკვე ვეღარ შეიტან, თუ „ჯი ემ პის“ სერთიფიკატს არ ფლობ. მაგალითად, რუსეთში ეს შეზღუდვა წელს პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ყაზახეთში 2017 წლიდან იგეგმება, უკრაინაში კი უკვე ძალაშია. ეს სერთიფაკატი თუ ავიღე, შევძლებ, ჩემი პროდუქცია ექსპორტზე ბალტიისპირეთშიც გავიტანო“, - აღნიშნავს მეწარმე.
მისი თქმით, ქართული კომპანიები ჯერ კიდევ კარგად მუშაობენ თურქმენეთში, ტაჯიკეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თუმცა, ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ყველა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე იზრუნებს.
„საქართველოში მედიკამენტების წარმოების 75 ლიცენზიაა გაცემული, თუმცა, რეალურად, თანამედროვე მოთხოვნებს მხოლოდ 5-6 კომპანია აკმაყოფილებს, დანარჩენები აქა-იქ „ზელიონკასა“ თუ სპირტს ასხამენ. რაც შეეხება „ჯი ემ პი“ სერთიფიკატს, ოფიციალურად მხოლოდ ერთი კომპანია ფლობს. საერთაშორო სტანდარტის შესაბამისად რომ გადაიარაღდეს და ვალიდაციაც გაიაროს, საშუალო საწარმოს 3-4 მილიონი დოლარის მობილიზება მაინც სჭირდება“, - აღნიშნა „ბიოპოლუსის“ ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სერთფიცირების ხარჯებს აძვირებს ის ფაქტი, რომ „ჯი ემ პის“ სერთიფიცირების კომისია საქართველოში წარმოდგენილი არ არის და უცხოელი ექსპერტების დაქირავება უწევთ.
„ყველაზე მაღალი დონე „ჯი ემ პის“ სტანდარტების კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინაშია, იქიდან ჩამოგვყავს კონსულტანტები. საქართველოში არც "ჯი-ემ პის" კომისია არსებობს და სპეციალისტებიც თითო-ოროლაა. საჭიროა ამ დარგის რეფორმირება, რომ მედიკამენტების წარმოების ხარისხი გაუმჯობესდეს. ორი-სამი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოთქვა ინივიატივა, რომ ადგილობრივი კადრები მოგვემზადებინა, კომპანიები ვფიქრობდით, მათი სწავლისთვის ფინანსური სახსრები თავად გაგვეღო, მაგრამ შემდეგ ეს პროცესი რატომღაც შეჩერდა“, - აღნიშნა გელა ობოლაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სამკურნალო საშუალებების ექსპორტი საქართველოდან გასულ წელს 2014 წელთან შედარებით, თითქმის, 50 მილიონი დოლარით გაიზარდა და 141 მილიონ დოლარს მიაღწია. ექსპორტის მატების ტენდენცია ბოლო წლებში გამუდმებით ფიქსირდება: 2010 წლიდან დღემდე უცხოეთში მედიკამენტების რეალიზაცია ოთხჯერ გაიზარდა.
ბელა ნოზაძე