„კალანდას“ გახსნა ფინანსების სიმცირის გამო გადაიდო
მეღორეობის თანამედროვე ფერმა "კალანდა", რომელიც 2014 წელს ვირუსის გამო სრულად განადგურდა, ამოქმედებას წლის ბოლოსთვის გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, სოსო მურვანიძემ eugeorgia.info -ს განუცხადა, პროექტის მიხედვით, ფერმაში 650-700 სულიანი სადედე გუნდის შემოყვანა იგეგმება, საიდანაც წლის განმავლობაში 11 ათასი სული ღორის წარმოებას შეძლებენ.
"ჩვენი გათვლებით, დაახლოებით, 3-4 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო. ნაწილის დაფინანსებაზე საპარტნიორო ფონდი დაგვთანხმდა, თუმცა, მათი პირობაა, დარჩენილი თანხის მობილიზება ძირითადმა ინვესტორმა უზრუნველყოს. ამუშავებას ჯერ კიდევ შარშან ვგეგმავდით, თუმცა, ფინანსების მოძიება ცოტა გაგვიჭირდა - მოგეხსნებათ, გარკვეული ეკონომიკური კრიზისი იყო, თუმცა, ვითარება ნელ-ნელა უმჯობესდება“, - განაცხადა მურვანიძემ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა ადგილობრივ ღორის ხორცზე საკმაოდ მაღალია, თუმცა, საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მეცხოველეობის კომპლექსი ფუნქციონირებს.
"ერთი ფერმა ქვემო ქართლში უკრაინელების ინვესტიციით მოეწყო და როგორც ვიცი, კარგად მუშაობენ. არსებობენ წვრილი საოჯახო მეურნეობებიც, თუმცა, მათი რაოდენობა ზოგად სურათზე გავლენას ვერ ახდენს, მნიშვნელოვან წილს ბაზარზე იმპორტული გაყინული ხორცი წარმოადგენს'",- აღნიშნა მურვანიძემ.
აღსანიშნავია, რომ "კალანდა" სოფელ კოდაში 2012 წლის დეკემბერში გაიხსნა, სადაც 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიას "საქართველოს ბანკმა" 4.4 მილიონი დოლარი, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაცია "საპარტნიორო ფონდმა" 1.3 მილიონი დოლარი გამოუყო. ბიზნესი წარმატებული გამოდგა, რის შედეგადაც "კალანდამ" ფონდისგან წილის გამოსყიდვა შეძლო, თუმცა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კლასიკური ღორის ცხელებამ 10 ათასი სული ღორი გაანადგურა. კომპანიის მატერიალურმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ბელა ნოზაძე