ქართული წინდები იტალიაში გაიყიდება
კომპანია „ელ ჯიმ“, რომელიც ლილოში თანამედროვე სამკერვალო ფაბრიკას ფლობს, იტალიური კომპანია „კალცედონიასგან“ წელიწადში 5 მილიონი წინდის წარმოებაზე შეკვეთა მიიღო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლაურა ღაჭავამ eugeorgia.info-ს განუცხადა, წინდების საწარმოებლად ფაბრიკა ახალ ხაზს ქმნის, საწყის ეტაპზე კი 65 მანქანის შესყიდვას გეგმავს
„ოთხი მილიონი დოლარის ინვესტირებაა საჭირო, კრედიტის მისაღებად „თიბისი ბანკთან“ ვაწარმოებ მოლაპარაკებას. ამავე დროს, ვგეგმავ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსშეღავთიანი სესხის პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში დაფინანსება მოვიპოვო“, - აცხადებს მეწარმე-ქალბატონი.
ლაურა ღაჭავას თქმით, მომავალ კვირას იტალიის ქალაქ მილანში ოთხი ქართველი ინჟინერი კვალიფიკაციის ასამაღლებლად „კალცედონიას“ სათაო ოფისში გაემგზავრება.
„სავარაუდოდ, 50-მდე ახალი მკერავის აყვანაც მოგვიწევს“, - აღნიშნავს ლაურა ღაჭავა.
კომპანია „ელ ჯი“ დღეისათვის კიდევ ერთი ცნობილი იტალიური ბრენდის, „მონკლერის“ ლაბადებს და ქურთუკებს კერავს.
რაც შეეხება „კალცედონია ჯგუფს“, ის ცნობილი იტალიური კომპანია, რომელიც 1986 წელს დაფუძნდა და თეთრეულს, წინდებსა და საბანაო კოსტუმებს აწარმოებს, ფლობს 3860 მაღაზიას მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში.
ბელა ნოზაძე