მცირე და საშუალო მეწარმეების დასაფინანსებლად ახალი ფონდი შეიქმნა
ფონდი Eurasia Foundation მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსური რესურსებით უზრუნველსაყოფად ახალ პროექტს, Gazelle Finance-ს, იწყებს.
როგორც eugeorgia.info -სთვის გახდა ცნობილი, Gazelle Finance დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდია, რომელიც ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და ყირგიზეთში -ოპერირებას ივნისიდან დაიწყებს და ადგილობრივ მეწარმეებს რისკიანი კაპიტალით, სტრატეგიული და ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
ახალი ფონდი ე.წ. „გაზელებს“ დააფინანსებს. ეს, როგორც წესი, საოჯახო ბიზნესებია, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და სწრაფი განვითარების პოტენციალი აქვთ. ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმებია: 1. კომპანიების წლიური 20%-იანი ზრდა, ან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის მიღწევის ხელშესახები პოტენციალი; 2.კომპანიის წლიური შემოსავალი 200 ათასიდან - 4 მილიონ დოლარამდე; 3. მოთხოვნილი ინვესტიცია: 100 ათასიდან - 2 მილიონ დოლარამდე; 4. ბოლო სამი წლის წარმატებული ბიზნესისტორია; 5. მომდევნო ხუთი წლის განვითარების გეგმა; 6. კვალიფიციური და ძლიერი მენეჯმენტი; 7. მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერვის მზაობა.
ფონდი თითქმის ყველა სექტორს დააფინანსებს, იარაღის, ალკოჰოლის, თამბაქოს წარმოებისა და სათამაშო ბიზნესის გარდა.
Gazelle Finance ხუთწლიანი ვადით ორი ტიპის დაფინანსებას ახორციელებს: 1. სესხით, შემოსავალში მონაწილეობის კომპონენტით, ბანკებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები უზრუნველყოფით; 2. სააქციო კაპიტალში ინვესტირებით, აქციების შემდგომი გამოსყიდვის პირობით.
Gazelle Finance-ში აცხადებენ, რომ კომპანიებისთვის გადახდის სპეციალური სქემა შემუშავდება მისი ზრდის შესაბამისად და ითვალისწინებს საშეღავათო პერიოდებს. მართალია, ფონდის საპრიცენტო განაკვეთი ხშირად საბაზროს უტოლდება, სამაგიეროდ, მაღალი რისკის კაპიტალზეა ორიენტირებული, რომელსაც ბანკები ნაკლებად აფინანსებენ.
Gazelle Finance, პრაქტიკულად, Eurasia Foundation-ის გრძელვადიანი პროგრამის - small business development through lending programs - გაგრძელებაა, რომელიც 1995 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ფონდმა სომხეთსა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესებს 17 მილიონი დოლარის მოცულობის საბანკო სესხი გამოუყო.
Gazelle Finance-ის რეგიონული წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო სამიზნე ქვეყნებში - საინვესტიციო ოფისები გაიხსნება.
ბელა ნოზაძე