იოჰანეს ჰანი: ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეები 2016 წელს ევროკავშირს უვიზოდ ესტუმრებიან
საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეები 2016 წლისთვის უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, რადგან დიდი სამუშაო შეასრულეს, - განაცხადა რადიო „თავისუფლების“ პრაღის ოფისში სტუმრობისას ევროკომისარმასამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე - თურქეთისთვის ივნისის ბოლოს სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას, რამდენად უნდა ჰქონდეთ იმედი ზემოხსენებულ სამ ქვეყანას. ჰანმა უპასუხა:
„ევროკომისიის დამოკიდებულება საკმაოდ ნათელია, ჩვენ ყველას თანაბრად უნდა მოვექცეთ, ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ვხელმძღვანელობთ უკრაინისა და საქართველოს, ასევე კოსოვოსთან მიმართებაში. იგივე ითქმის თურქეთის განაცხადზეც. ეს დამოკიდებულია პარტნიორ ქვეყანაზე, რამდენად სწრაფად ასრულებს ჩვენს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს. არ იქნება არანაირი „ფასდაკლება“ თურქეთისთვის, სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფად მიიღოს რაღაც, რადგან საუბარია გარკვეულ სტანდარტებზე, რომლებიც ყველამ უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წელს საქართველოს და დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, უვიზოდ ესტუმრონ ვეროკავშირს.
„საბოლოოდ ეს მაინც პოლიტიკური შეფასების საკითხია, მაგრამ სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის, კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ამ ქვეყნებმა რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთეს. და ის რაც გააკეთეს, ბევრ სფეროზე მოახდენს გავლენას, რაც მათივე მოქალაქეების ინტერესებშია, მაგალითად, ინტენსიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ უკრაინაში და სასამართლო დამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
ბელა ნოზაძე