EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს 2016 წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს აუმჯობესებს, - ამის შესახებ ევრობანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელარუსიაში eugeorgia.info -ს განუცხადა.
ბალვანერამ თავი შეიკავა ზუსტი ციფრის დასახელებისგან, თუმცა, აღნიშნა, რომ მშპ-ს ზრდა 3%-ზე მეტი იქნება.
„მომავალ კვირას სათაო ოფისი მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზს ოფიციალურად გამოაქვეყნებს და ზუსტ მაჩვენებელს მაშინ გაიგებთ, მე არ მაქვს უფლება, დავასახელო“, - აღნიშნა ბალვანერამ.
მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ნიშანი ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პროგნოზის მიხედვით, რომელიც EBRD-მა გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, საქართველოს მშპ-ს ზრდა 2,6% -ით განისაზღვრა.
ევრობანკისგან განსხვავებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლები შედარებით პესიმისტურია. აპრილში გლობალურმა საფინანსო ინსტიტუტმა თავის პროგნოზს საქართველოსთან მიმართებაში გადახედა და 3%-დან 2,5%-მდე შეამცირა. მიზეზად როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად მსოფლიოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური რისკები და სტაგნაცია დასახელდა.
ბელა ნოზაძე