ცემენტის ექსპორტი საქართველოდან შეწყდა
საქართველოდან ცემენტის ექსპორტმა გასულ წელს მხოლოდ 14,5 ათასი დოლარი შეადგინა. წელს, პირველ კვარტალში კი - 400 დოლარი. ასეთი დაბალი მაჩვენებელი 1995 წელსაც კი არ დაფიქსირებულა. მაშინ როცა 2008 წელს ექსპორტის მოცულობამ 80 მილიონი დოლარი შეადგინა.
ქართული ცემენტის გასაღების ძირითადი ბაზარი აზერბაიჯანი იყო. როგორც eugeorgia-ს უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტ-ჯორჯიაში“ განუცხადეს, პროდუქცია ვეღარც ექსპორტზე გააქვთ და პოზიციებს ადგილობრივ ბაზარზეც კარგავენ.
„ჯერ კიდევ ორი წლის წინ აზერბაიჯანში ცემენტის მხოლოდ ორი ქარხანა ფუნქციონირებდა, მშენებლობის ბუმი იყო და მისი მოხმარება ქვეყანაში მაღალი იყო. თუმცა, ეკონომიკური კრიზისის გამო ნავთობდოლარების ნაკადი შემცირდა. ამავე დროს, საქართველოს საზღვართან ახლოს, გაზახში, ახალი ცემენტის ქარხანა ააშენეს, აზერბაიჯანში უკვე ჭარმწარმოება აქვთ და ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ ჰამფელმა.
მისი თქმით, მანათის მკვეთრი დევალვაციის გამო, აზერბაიჯანული ცემენტი ქართულთან შედარებით 3-10%-ით იაფია, შესაბამისად, უკვე „ჰაიდელბერგს“ ქართულ ბაზარზეც ავიწროვებს. „ჩვენ ხარისხით ვუწევთ კონკურენციას“, - აღნიშნა გერმანელმა ბიზნესმენმა.
Eugeorgia დაინტერესდა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორ ესახება მენეჯმენტს კომპანიის მომავალი საქართველოში. „ჰაიდელბერგში“ აცხადებენ, რომ სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ცემენტის მოხმარება მაღალია: თუ საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 400-500 კგ-ა, საქართველოში 550 კგ-ს აღწევს. გარდა ამისა, ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება, რაც ცემენტზე მოთხოვნას გაზრდის. იმავდროულად, კომპანია ახალ საექსპორტო ბაზრებს ეძებს.
„გასაღების ახალი ბაზარი შეიძლება გახდეს ჩვენთვის რუსეთი, კერძოდ, ვლადიკავკაზი და მისი მიმდებარე რეგიონები, რომლებიც საქართველოსთან სიახლოვესაა, ასევე განვიხილავთ აფხაზეთსაც, რომელიც მართალია, საკმაოდ მცირეა, თანაც მოქმედი კანონმდებლობით, იქ აკრძალულია კომერციული საქმიანობა, მაგრამ რუსულ კომპანიებს ისედაც შეაქვთ სამშენებლო მასალები, რატომ არ უნდა იყოს წარმოდგენილი ქართული?!“ - აცხადებს მაიკლ ჰამფელი.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე ესაუბრნენ. „შეგვპირდა, რომ მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს“, - განაცხადეს კომპანიაში.
„ჰაიდელბერგი“ საქართველოში ათი წლის წინ შემოვიდა და ამ ხნის განმავლობაში 200-300 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. დღეისათვის კომპანია ორ საწარმოს ფლობს და წლიურად 2 მილიონ ტონა ცემენტს უშვებს.
„ჰაიდელბერგს“ თავისი ქარხნები მანამდე ყაზახეთში, რუსეთსა და თურქეთში უკვე ჰქონდა, კავკასიის რეგიონში კი მხოლოდ საქართველოშია წარმოდგენილი, რადგან ყველაზე სტაბილურ ადგილად მიიჩნიეს“, - აცხადებს გერმანელი ბიზნესმენი.
ბელა ნოზაძე