APM Terminals: ფოთის პორტმა მიმზიდველობა დაკარგა
ფოთის პორტში ტვირთების ბრუნვა ერთ წელიწადში 16%-ით შემცირდა, - განაცხადა პორტის ოპერატორი კომპანიის, APM Terminals-ის მმართველმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლაურსენმა.
მისი თქმით, გასულ წელს მთლიანად პორტის TEU-მ მხოლოდ 300 000 შეადგინა (TEU -ერთეული, რომელიც განსაზღვრავს გემის ტვირთამწეობის, ან ტერმინალის ტვირთის გატარების სიმძლავრეს, 20-ფუნტიანი კონტეინერის ეკვივალენტი).
ტვირთების შემცირების ძირითდ მიზეზად APM Terminals -ში რეგიონში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ.
„APM Terminals საქართველოში ხუთი წლის შემოვიდა, ახალი ბაზარი იყო, განვითარებადი ეკონომიკა... 65 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თუმცა, ბოლო წლებში ტვირთების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მათი 40% საქართველოზე, დანარჩენი კი - აზერბაიჯანსა და სომხეთ ნაწილდება, მეზობელ ქვეყნებში კი დღეს ეკონომიკური პრობლემებია. სამუშაო დროის 24% უსაქმოდ ვართ. დღეს ბიზნესი ისე საინტერესოდ აღარ გამოიყურება, ტვირთი აღარ შემოდის“, - აღნიშნა კლაუს ჰოლმ ლაურსენმა.
ტერმინალის ხელმძღვანელის თქმით, პორტის არაეფექტურ მუშაობას სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განსაზღრავს:
„გზები ცუდ მდგომარეობაშია, ტვირთების გადაზიდვა გვიანდება, რაც უკან წევს ჩვენს ბიზნესს. თუ აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება, ეს მდგომარეობას შეგვიმსუბუქებს. ამასთანავე, პორტში შემოსული სატვირთო მანქანების დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, არსებობს ადამიანების დაშავების პოტენციური საფრთხე. გაცდენილ დროს ხშირად საკუთრ თავზე ვიღებდით და ინვოისს არ ვწერდით. არადა, ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, - აღნიშნა APM Terminals-ის მმართველმა დირექტორმა.
კომპანიაში გეგმავენ, რომ უახლოეს პერიოდში საკუთარი ავტოპარკი მოაწყონ და ლოჯისტიკური ჯაჭვი შექმნან „ვფიქრობთ, ასევე დაველაპარაკოთ საქრთველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებს გადაზიდვებზეც“, - აცხადებენ ტერმინალში.
კლაუს ჰოლმ ლაურსენის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ტვირთებში საკვები პროდუქტების უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია და კარგად უნდა იყოს შენახული.
„შემოსავლების სამსახურთან ერთდ შევეცდებით, დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, კი არ უნდა ვიოცნებოთ და მომავლისთვის გადავდოთ, არამედ დღეს გავაკეთოთ, რაც გასაკეთებელია. მომავალ წელს საოპერაციო პერსონალის გადამზადებასა და უსაფრთხოების საკითხების გაუმჯობესებაზე აქტიურ მუშაობას ვიწყებთ“, - თქვა ლაურსენმა.
კომპანიის მმართველმა eugeorgia.info -ს განუცხადა, რომ მთლიანობაში ფოთის პორტს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 250 მილიონი დოლარი ესაჭიროება. „ვეცდებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მეტი ინვესტორი მოვიძიოთ“, - აცხადებენ APM Terminals-ში.
ბელა ნოზაძე