ფრაგმენტი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები აღმოჩნდნენ.
ქართული ბიზნეს სექტორის წინაშე არსებულ სპეციფიკურ პრობლემებთან დაკავშირებით “Eugeorgia.info” ესაუბრა შ.პ.ს. „ემსიბი ჯეორგია“-ს (პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია) დირექტორს, ბატონ, ალექსანდრე რატიშვილს. ეს კომპანია არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი. კერძო სექტორის წარმომადგენლის “საპირწონედ” ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ოთარ ანთიას და შევეცადეთ გაგვერკვია თუ როგორ ხორციელდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონიტორინგი. ვინაიდან, გამოკვეთილი პრობლემა ნაწილობრივ დაუკავშირდა ქალაქ თბილისის მერიას, ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს.
ბატონო ალექსადრე, რა საჭიროებისთვის გამოიყენეთ “აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება?
ბიზნესისთის გაფართოების საჭიროება მუდმივად დგას, თუ გაქვს ბიზნესი იგულისხმება, რომ შენ მუდმივად უნდა იფიქრო ზრდასა და გაფართოებაზე, სხვანაირად ბიზნესს ვერ მოიაზრებ. ყოველთვის ცდილობ მოიძიო დამატებითი რესურსები იმისათვის, რომ შენი საქმე წინ წაწიო. ამ დროს გამოჩნდა სამთავრობო პროგრამა, „აწარმოე საქართველოში“, რომლის კრიტერიუმებს ჩვენ ვაკმაყოფილებდით, პროგრამა კი ჩვენთვის საინტერესო იყო. შესაბამისად, თანადაფინანსებით მიღებული ფინანსური რესურსები გამოვიყენეთ არსებული საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებისთვის.
რა არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ამ პროექტის სარგებლის სრულად რეალიზებას?
„პირველი, რასაც ავღნიშნავდი, ეს არის ბიუროკრატიული მექანიზმი, რაც ხელს უშლის კომპანიებს სწრაფად ოპერირებაში. როდესაც ფულზეა საუბარი, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც მისი წყარო სესხია, სისწრაფეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცით, რომ თითოეული დღე ფული ღირს, ანუ თითოეული უქმად გატარებული დღე ტყუილად გადაყრილი ფულია.
მაგალითად, მას შემდეგ რაც ჩავერთე პროგრამაში და მივიღე სესხი, სამშენებლო ნებართვაზე მერიაში შევიტანე განაცხადი. ამ ნებართვის აღება გაჭიანურდა ოთხ თვეზე მეტ ხანს. მაშინ, როდესაც მთავრობა ერთი ხელით გაძლევს საშუალებას, რომ წინ წახვიდე, მეორე ხელით თბილისის მერია ქმნის დაბრკოლებას. ჩემი პროექტი გულისხმობდა ქარხნის აშენებას ქალაქგარეთ და არა, მაგალითად, გასართობი დაწესებულების აშენებას დედაქალაქის ცენტრში, ანუ მერიას ამდენი დრო ნებართვის გაცემაზე არ უნდა დასჭირვებოდადა , როგორც უკვე ვახსენეთ, ამგვარი თითოეული დღის დაკარგვა ფინანსური ზარალია. ვაღიარებ, რომ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ დავიწყე მიწის დამუშავების სამუშაოები და ამ ქმედებით შეუსაბამობაში მოვედი კანონთან, რადგან, თურმე, ნებართვის გარეშე დავიწყე სამშენებლო სამუშაოები. მეორე დღესვე მოვიდა ზედამხედველობის სამსახური სამშენებლო მოედანზე, რომელიც ჯერ არც იყო სამშენებლო მოედანი, უბრალოდ ტრაქტორი მიწას ასწორებდა, რომ ნებართვის აღების შემდეგ ფუნდამენტის ჩასხმა დაგვეწყო და ... დავჯარიმდით 8000 ლარით! იმ პირობებში, როდესაც წარმოების განვითარების ხელშეწყობაზეა საუბარი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მაშინ, როდესაც მერიისგან გაიწელა სამშენებლო ნებართვის მიღება, მეწარმე ჯარიმდე არც ისე უნიშვნელო თანხით. ასეთ შემთხვევაში, პირველ ჯერზე, იქნებ, წერილობითი გაფრთხილება ან პირველი დარღვევისთვის გაცილებით მცირე ჯარიმის არსებობა უფრო სწორი პოლიტიკაა?! ანუ, მერია მოქმედებს არა როგორც ხელშემწყობი, არამედ, როგორც სადამსჯელო დაწესებულება, მისი ფორმალური მხარე ასეთნაირად არის აწყობილი და ეს ამ მერიის დროს არ მომხდარა, წინა მერიის დროსაც ასე იყო და, როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა. დავჯარიმდი, ისე თითქოს უნებართვო სამშენებლო სამუშაოები დამეწყოს რუსთაველზე ან მარჯანიშვილზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით მოვინდომე შეხვედრა ქალაქის მერთან. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოვახერხე. თურმე, ასეთი ფორმა ყოფილა მერთან შეხვედრის, რომლის მიხედვითაც წერ განცხადებას, რომ გსურს მერთან რომელიღაც კონკრეტულ თემაზე საუბარი. ასეც მოვიქეცი, თუმცა მას შემდეგ სამი თვე გავიდა და არ მიმიღო. მერი არ ხვდება ისეთ ადამიანს, (აქ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს) რომლის ბიზნეს პროექტი წარმოების სექტორში მოიაზრება, ასევე გააჩნია განვითარების გეგმები სექტორში, რომელიც ასე ძალიან ჭირდება ჩვენი ყვეყნის ეკონომიკას. როგორც ჩანს, მას ეს თემა არ აინტერესებს, ამით კი ბევრი რამ გასაგები ხდება. საბოლოოდ, როგორც იქნა, დამდო პატივი მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, რომლის მდივანმაც დამირეკა და შეხვედრა მომიწყო ამავე მოადგილის თანაშემწესთან, რადგან მოადგილეს არ ეცალა. ერთთვიანი ლოდინის შემდეგ კი ლექვინაძის თანაშემწესთან შეხვედრა შედგა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, რომ მერის მოადგილის თანაშემწესთან სამთვაინი ლოდინის შემდეგ მოვახერხე შეხვედრა. შეხვედრისას თანაშემწემ მომისმინა, სხვა მას რა შეეძლო?! მითხრა, რომ გადავცემო და ... არაფერი შეცვლილა. ნებართვის აღების მერე, როდესაც მშენებლობა დავიწყეთ, ისევ მოვიდა ზედამხედველობის სამსახური, გაგვიზომა ფანჯრების სიგრძის შესაბამისობა პროექტთან და რამოდენიმე ფანჯრის შემთხვევაში აღმოჩნდა სამსანტიმეტრიანი გადაცდომა... 3000 ლარით დაგვაჯარიმეს! მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ არაფერი გააკეთა ამ სადამსჯელო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც აპრობირებული იყო.
ინფრასტრუქტურის კუთხით თუ შეგექმნათ პრობლემები?
ბუნებრივი მონოპოლიების თემაც მწვავედ დგას. „ენერგო-პრო-ჯორჯიასთან“ მქონდა ურთიერთობა ელექტროსადენის შემოყვანის თაობაზე. მათ ასეთი ტიპის სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრული აქვთ 60 სამუშაო დღე, თუმცა რეალური პერიოდი მეტ ხანს გაგრძელდა, ჩემს შემთვევაში დაახლოებით ოთხიდან ხუთ თვემდე. აი, მაგალითად, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, მათთან მოლაპარაკებებიც დიდი ნერვებისა და დროის ფასად დაგვიჯდა. იმის მაგივრად, რომ შეკვეთილი სამუშაოები ჩაეტიოს თვენახევარში, ისინი ამას ოთხ-ხუთ თვეს ანდომებენ.ასეთი საკითხებისადმი აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიქცევა, თუმცა ბუნებრივი მონოპოლიები კერძო კომპანიები არიან და ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობაში სახელმწიფო ნაკლებად ერევა, ასეთია მათი მიდგომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მეწარმეები ალალ ბედზე ვრჩებით. იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც მათთან ვაფორმებთ არანაირი სანქციები შეკვეთების ვადაგადაცილებაზე არ არის. აი, მაგალითად, გაზის კომუნიკაციის თავდაპირველი პროექტის კორექტირება დაგვჭირდა, საუბარია მხოლოდ ერთი გაზქურის დადგმაზე. ნოემბრის დასაწყისში შევიტანე განაცხადი კორექტირებაზე, სამუშაო დაასრულეს 31 იანვარს.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიერ მიღებული ორწლიანი საშეღავათო პერიოდის ერთი წელი დაიკარგა ბიუროკრატიულ ხლართებსა და ლაბირინთებში. მსგავსი ისტორია არა მარტო მე გადამხდა თავს. მე ვესაუბრები ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს თუ მეგობრებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები და ყველა ერთხმად აღნიშნავს მათ აქტუალობას.
ლარიზაციის პროგრამის მიხედვით 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 000 ლარამდე, ხოლო 2018 წლიდან 200 000 ლარამდე სესხი (ექვივალენტი ლარში) გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მაგალითად, თუ დაგჭირდათ სესხი უცხოური დანადგარის შესაძენად, რომლის ღურებულება 100 000 ლარზე ნაკლებია, თქვენ იძულებული იქნებით ისესხოთ ეროვნულ ვალუტაში, შემდეგ შეიძინოთ დოლარი იმ რაოდენობით რაც კონკრეტული დანადგარი ღირს. როგორ ფიქრობთ, თქვენი ბიზნესისთვის წარმოქმნის რაიმე პრობლემას ეს რეგულაცია?
თუ ეს რეგულაცია იურიდიულ პირებსაც ეხება, რა თქმა უნდა, შექმნის პრობლემას. ჩვენი განვითარება, დიდწილად, გულისხმობს ახალი ტექნოლოგიებისა და დანადგარების შეძენას, რომლებიც საქართველოში, სამწუხაროდ, არ მოიპოვება. ბევრია ისეთი დანადგარი, რომელთა ფასი 100 000 ლარზე ნაკლებია. ჩვენ კი მოგვიწევს სესხის ლარში აღება და ამის შედეგად კონვერტაციის ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ დოლარი შევიძინოთ. ამიტომ, ამ ფაქტორის გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ შევცადეთ გაგვეგო, რამდენად იცნობს ბატონ ალექსადნრეს მიერ დასახელებულ პრობლემებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი, ოთარ ანთია. მისი განცხადებით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთვის ცნობილია ეს კონკრეტული შემთხვევა, ისინი შეხვდნენ ბატონ ალექსანდრეს და ერთობლივად განიხილეს პრობლემები და ასევე გამოხატეს მზაობა კერძო სექტორისთვის დახმარების აღმოჩენაში, კონკრეტულად კი ინფრასტრუქტურულ საკითხებში. ოთარ ანთია ასევე აღნიშნავს, რომ მერიის მიმართ ბატონი ალექსანდრეს მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები არ არის ერთადერთი შემთხვევა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, „აწარმოე საქართველოშო“ პროგრამის სხვა ბენეფიციარებისგანაც ყოფილა მსგავსი შინაარსის მომართვები.
თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, ამ თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები მზად არის მოუსმინოს და მაქსიმალურად დაეხმაროს იმ პირებსა თუ კომპანიებს, რომლებიც თვლიან, რომ პრობლემები ექმნებათ მერიის კომპეტენციის ფარგლებში. მერის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ყველა პრობლემა თუ საკითხი ინდივიდუალურია და ქალაქ თბილისის მაშტაბით ოპერირებად „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარ მეწარმეებს მასობრივად არ ექმნებათ მსგავსი პრობლემები: „მოგვმართონ ვისაც აქვს ეს პრობლემა და განვიხილავთ ამ თემებს, ზოგჯერ მოთხოვნა სამართლიანია, ზოგჯერ ნაკლებად, ამიტომ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო“. მან ასევე აღნიშნა, რომ მერია აპირებს პრემიერის მიერ ინიცირებულ ე.წ. „front office”-ის პროგრამაში მონაწილეობას, რომლის მეშვეობითან მეწარმეებთან ურთიერთობა გამარტივდება და გახდება უფრო ეფექტური.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო იცნობს ამ პრობლემას, თუმცა, სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგალითად, მერიასთან ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფოკუსირდებოდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენასა და შემდგომ აღმოფხვრაზე. ამ მცირე მასშტაბის „კვლევის“ შედეგად შეგვიძლია ხაზი გავუსვათ კომუნიკაციის სიმცირეს სახელმწიფო სამსახურებსა თუ უწყებებს შორის, ამ შემთვევაში კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას შორის. ასეთმა სამწუხარო პრაქტიკამ კი, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქალაქ თბილისის მასშტაბით ოპერირებად მეწარმეებზე, ეკონომიკის იმ უმნიშვნელოვანეს სუბიექტებზე, რომლებმაც უნდა შექმნან სამუშაო ადგილები და, ზოგადად, უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარება.
სახელმწიფო სამსახურებსა თუ სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის სიმცირე, შესაძლოა, იყოს ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის გამიზნული სტრატეგია სუსტია. ეს ინდიკატორი კი ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის სახარბიელო შეფასების საშუალებას არ გვაძლევს.
გარდა კომუნიკაციის სიმცირისა, პრობლემა ისიც არის, რომ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების პრაქტიკა არ არის დღემდე დანერგილი. არადა, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის ანალიზი არის ის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც გვეცოდინება გადასახადების გადამხდელი სუბიექტების ხარჯზე დაფინანსებული პროექტები იხარჯება თუ არა ეფექტურად. ვინაიდან, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა მხოლოდ 2014 წლიდან არსებობს, ამ პროგრამის საბოლოო ეფექტიანობის შეფასებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა პროგრამის მიმდინარე პროცესის მონიტორინგი მაქსიმალურად ზუსტად და ეფექტურად უნდა განხორციელდეს. „ემსიბი ჯეორჯია“-ს კონკრეტული შემთხვევა (სხვა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარებთან ერთად) უნდა იქნას გამოყენებული როგორც აქტიური დაკვირვებისა თუ კვლევის ობიექტი იმის გასარკვევად თუ რა მიზეზები აბრკოლებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეფექტურად განხორციელებას.
მირიან ეჯიბია (ISET-ის მაგისტრი)