მთავრობამ სურსათში ტრანსცხიმების შემცველობაზე ზღვრული ნორმა დააწესა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, რომელიც ახალხანს გამოქვეყნდა, სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა 100 გ მცენარეულ ცხიმში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს; ჩვილი და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი პროდუქცია კი ტრანსცხიმებს საერთოდ არ უნდა შეიცავდეს.
დადგენილებაში ტრანსცხიმი განსაზღვრულია როგორც ცხიმოვანიმჟავა, ნახშირბადის ატომებს შორის ერთი, ან მეტი ორმაგი ბმით ტრანსიზომერულ კონფიგურაციაში.
ახალი რეგულაცია ვრცელდება სურსათზე, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა: ა) მცენარეული ცხიმის ჰიდროგენიზაცია(ანუ, წყალბადის ატომების დამატება, რისი მეშვეობითაც მცენარეული ზეთები მყარ მასად გადაიქცევიან, მაგალითად, მარგარინად, ან სხვა კულინარიულ ცხიმებად; ბ) მცენარეული ცხიმის ექსტრაქცია მაღალ ტემპერატურაზე (არანაკლებ 110°C); გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში.
ტრანსცხიმების დიდი რაოდენობით მოხმარება, მეცნიერების აზრით, ადამიანებში ზრდის ქოლესტერინის დონეს, შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა, ასევე დიაბეტითა და სიმსივნით დაავადების რისკს.
დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები როგორც საქართველოში წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ საკვებ პროდუქციაზე ვრცელდება.
რეგულაცია 2017 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, თუმცა, მანამდე წარმოებულ სურსათზე არ ვრცელდება.
ბელა ნოზაძე