ქობულეთში კენკრის საწარმოებლად 650 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „მარდი“ და „ლურჯა“, რომლებსაც ქობულეთის რაიონში კენკროვანი კულტურები მოჰყავთ, პროდუქციის დაფასოებასა და ბრენდინგს გეგმავენ.
როგორც კოოპერატივების მენეჯერმა, თომა ხალვაშმა განაცხადა, აჭარელმა ფერმერებმა, საერთო ჯამში, 4 ჰა მიწის ფართობზე რამდენიმე სახეობის თანამედროვე ჯიშის კენკრა გააშენეს. სრულ მსხმოიარობაში კოოპერატივები 12-15 ტონა ჟოლოს, 7 ტონა მოცვსა და 15-მდე ტონა მარწყვს მიიღებენ.
„რეალიზაციის პრობლემა არ არის, თუმცა, კენკრის დაფასოებით, დამატებით ღირებულებას მივიღებთ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ბიოპროდუქციის წარმოებაც დავიწყოთ, რადგან ბოლო პერიოდში საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა სურსათზე მოთხოვნა გაიზარდა, არ ვიყენებთ ქიმიურ სასუქებსა და შხამქიმიკატებს“, - აღნიშნა თომა ხალვაშმა.
მისი თქმით, ორივე კოოპერატივის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ჯამში, 650 ათას ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კოოპერატივმა „ლურჯამ“ ევროკავშირის პროგრამისგან (ENPARD), 31,6 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. გრანტის ფარგლებში კოოპერატივს მცენარეთა ნერგები გადასცეს, მიწის ნაკვეთებზე კი წვეთობრივი მორწყვის უახლესი სისტემები დამოუნტაჟეს.