„პარმეზანის“ ერთადერთი მწარმოებელი "ვაიოს ველებზე" გესთჰაუზის მოწყობას გეგმავს
ნანა დათაშვილი, რომელიც „პარმეზანის“ ტიპის ყველის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში, აგროტურიზმში ერთვება.
მეწარმემ eugeorgia.info-ს დახმარებით, ბიზნესპროექტი დაამუშავა, რომელიც ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში გესთჰაუზის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შეიტანა და 18 ათასი ლარით დაფინანსებაზე თანხმობა მიიღო.
„ბიზნესის მთავარი იდეა გესთჰაუზის მოწყობაა იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფერმერულ მეურნეობებში რამდენიმე დღის გატარება და ყველის წარმოების სრული ციკლის ნახვა, ძროხიდან–სასაქონლე სახემდე. სტუმრებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიირთვან ადგილობრივი ნატურალური პროდუქტები: ხილ-ბოსტნეული, შინ დაყენებული ღვინო და ხორცპროდუქტები. ასევე დააგემოვნონ პარმეზანის ტიპის,ღვინოში დავარგებული დატენილი ყველის სახეობები. მიეცემათ საშუალება, ისწავლონ ყველის ამოყვანა თუ თონეში პურის ჩაკვრა“, - აცხადებს პროექტის ავტორი
მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთს დიდი ტურისტიული პოტენციალი აქვს, მათ შორის, კულტურულ-მატერიალური ძეგლებითა და ბუნებით, აგრეთვე მრავალფეროვანი ფიზიკური აქტივობების განსახორციელებლად, როგორიცაა მთამსვლელობა, ცხენებით ჯირითი, ჯიპ-ტურები, ნადირობა, თევზაობა, მომთაბარე მეცხვარეებთან სტუმრობა და მათი ყოფის გაცნობა. ეს ყველაფერი კი საოჯახო სასტუმროს დატვირთვას უზრუნველყოფს.
ასპინძელმა მეწარმემ „ვაიოს ველებზე“ ფერმა ზღვის მეტრიდან 1600 მეტრზე 2008 წელს მოაწყო და მას შემდეგ პარმეზანის ტიპის ყველს აწარმოებს. შესაბამის ტექნოლოგიას ნანა დათაშვილი იტალიაში დაეუფლა. როგორც თავად აცხადებს, წელიწადში 2 ტონა ყველს აწარმოებს, ერთი კგ-ის საბითუმო ფასი კი 25-30 ლარია. მაღალი ფასის მიუხედავად, მოთხოვნა პროდუქციაზე მაღალია, თუმცა, გაფართოებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.
„დღეს მხოლოდ 2 მაღაზიასა და რესტორანს ვამარაგებთ, ოქტომბრიდან ვიწყებთ და გაზაფხულზე უკვე აღარ გვაქვს: პარმაზანის მომწიფებას ხომ, სულ მცირე, სამი თვე სჭირდება. ჩვენი ყველი ბევრს მოსწონს, 20 ტონასაც გავყიდდი, მაგრამ ძროხები ბევრი არ მყავს - სულ 37 სულია. გვინდა, შევისყიდოთ საქონელი, მაგრამ საბანკო სესხი ძვირია და თან -მიუწვდომელი: იპოთეკაში მხოლოდ თბილისში არსებულ უძრავ ქონებას იდებენ“, - ჩივის მეწარმე.
ნანა დათაშვილმა ძროხების შესაძენად ვერცერთი არსებული სახელმწიფო შეღავათიანი პროგრამებიდან დაფინანსება ვერ მიიღო, შესაბამისად, გადაწყვიტა, eugeorgia.info-სთვის დახმარებისთვის მოემართა. მეურნეობისა და პროგრამების შესწავლის საფუძველზე ორგანიზაციის კონსულტანტებმა მეურნეობის დივერსიფიცირება და აგროტურიზმის განვითარება ურჩიეს.
„შევიმუშავეთ იდეისთვის საჭირო მართვისა და ორგანიზების სქემა, არსებული ბიზნესის - ყველის წარმოებისთვის - ახალი ბიზნესის შეთავსების იდეა, მარკეტინგული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ობიექტის გეოგრაფიულ მდებარეობას, სეზონურობას, სამიზნე ბაზარსა და კონკურენციას. დავამუშავეთ ასევე პროექტის ბიუჯეტი და ფინანსური გათვლები, მათ შორის, თანამონაწილებისა და თანადაფინანსების თანხის მიზნობრივი გამოყენება. შედეგად, „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლებმა სოფელი მოინახულეს, აქტივები ადგილზე დაათვალიერეს და მეწარმეს მოთხოვნილი თანხა დაუმტკიცეს“, - განაცხადა eugeorgia.info-ს იურისტმა, ლეილა დარასელმა.