"ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის" ფარგლებში საქართველო 30 მილიონი ევროს გრანტს მიიღებს
ევროკავშირი საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმირებისთვის 30 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს, - ხელშეკრულების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
როგორც კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, მმართველობის რეფორმა ხელისუფლების რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„ეს ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიხდება ამ მიმართულებით, რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს ისეთი მმართველობა, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობას, ევროპულ რეგულაციებს და მმართველობის პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნულ თანხას ევროკავშირი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში გამოყოფს. 2014 წლის 18 ივლისს საქართველომ მემორანდუმი გააფორმა ევროკავშირთან 2014-2017 წლების თანამშრომლობის პრიორიტეტების შესახებ. შესაბამისად, ყოველწლიურად, დაახლოებით, 100 მილიონზე მეტი ევროს მოცულობის დახმარებას იღებს (ჯამში, 335 - 410 მილიონ ევროს). თანხიდან 25% - საჯარო ადმინისტრირების, დანარჩენი კი სოფლის მეურნეობისა და სამართლის სფეროებში რეფორმების გატარებას ხმარდება.