მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტისთვის ფინანსური რესურსი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია
მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტისთვის ფინანსური რესურსი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია, - განუცხადეს eugeorgia.info -ს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში აღნიშნული პროექტის, სულ მცირე, ერთი რაუნდის ჩატარებისთვისაა განსაზღვრული თანხა. მათი განცხადებით, პროგრამა საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადი იყო. ამის მიუხედავად, დაზუსტებულ ინფორმაციას, გაგრძელდება თუ არა პროექტი მომავალი წლისთვის, ან როგორი პირობებით-სააგენტოში არ ფლობენ.
პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, კონკრეტულად კი, გრანტების გაცემას, მიზნად ისახავდა, როგორც დამწყები, ასევე არსებული ბიზნესების განვითარება- გაფართოებას.
რაც შეეხება დაფინანსების მოცულობას, ერთ მეწარმე სუბიექტზე 5 ათასი ლარის მოცულობის, ორზე - 10 ათასი ლარის, ხოლო სამზე კი - 15 ათასი ლარის გრანტის გაცემას ითვალისწინებდა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტი სამ რაუნდად წარიმართა, მათ შორის, პირველი-ორი - საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავდა, მესამე რაუნდში კი მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში არსებული საწარმოები დაფინანსდა.
სულ პროგრამის ფარგლებში, 2 452 ბიზნეს პროექტი დაფინანსდა, მათ შორის, მთაში - 435. ჯამში გაცემულია 17,7 მილიონი ლარი, აქედან მთიან რეგიონებში არსებულ საწარმოებზე, დაახლოებით, 3 მილიონი ლარის გრანტი გაიცა.