ევროკავშირის მხარდაჭერით ფერმერთა ჯგუფებისა და კოოპერატივებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
მცირე ფერმერთა ჯგუფებისთვის, ან რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საუკეთესო ბიზნესიდეის გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაციებმა - “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” (CARE), “რეგიონული განვითარების ასოციაცია” (RDA), აგრეთვე “ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ” (ISET) საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფერმერებს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის, სენაკიდან, ხობიდან, აბაშიდან, ლანჩხუთიდან, ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან, ცაგერიდან, მარტვილსა და ლენტეხიდან.
როგორც RDA -ში აცხადებენ, პირველ ეტაპზე ფერმერები ორგანიზაციებში საკუთარ ბიზნესიდეებს წარმოადგენენ, ამისთვის მათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ. კომისია განაცხადებს განიხილავს, რის შემდეგ გამარჯვებული იდეების ადგილზე გადასამოწმებლად საველე ვიზიტები იგეგმება.
“მომდევნო ეტაპზე გადასული ფერმერები ბიზნესის დაგეგმვის და მართვის საკითხებში სპეციალურ ტრეინინგს გაივლიან. მათი ბიზნესმიმართულების ექსპერტები კონსულტაციებს გაუწევენ, რათა ბიზნესიდეის საბოლოო ვერსია სწორად ჩამოაყალიბონ. შემდეგ კონკურსი გამოცხადდება, სადაც გამარჯვებულები დაფინანსებას მიიღებენ”, - განუცხადა eugeorgia.info-ს პროექტის კოორდინატორმა, ელისო ცხადაიამ.
გრანტის მოცულობა 5 000-40 000 ევროა,რომლითაც საჭიროების მიხედვით, შესაძლოა, როგორც კაპიტალური, ასევე საბრუნავი ხარჯები დაფინანსდეს. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, გრანტი დაბრუნებადია:
“ეს არის უპროცენტო გრანტი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დაბრუნდეს, საშეღავათო პერიოდი კი 18 თვეა. კოოპერატივები თანხას მათივე შეთავაზებული გრაფიკის მიხედვით დაფარავენ, მაგალითად, გავითვალისწინებთ პროდუქციის სეზონურობას და სხვა ფაქტორებს", - აღნიშნა ელისო ცხადაიამ.
საგრანტო კონკურსში განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 16 ნოემბერია. პროექტის ორგანიზატორები ფერმერებისთვის დეტალური ინფორმაციის გასაცნობად 2-8 ნოემბერს ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს გამართავენ.
კონკურსი წარმოადგენს „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ პროექტის ნაწილს. რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD საქართველო) ფარგლებში. ის მიზნად ისახავს ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლებასა და ფერმერთა შემოსავლების ზრდას.მსგავს ფაქტორებს. 2014 წლიდან კონკურსის უკვე ოთხი ეტაპი ჩატარდა, რომლის ფარგლებში 30-მდე კოოპერატივი დაფინანსდა.ბელა ნოზაძე