ევროკავშირმა ბაზარზე ქართული თაფლი დაუშვა, თუმცა, მის ასათვისებლად კიდევ დიდი გზაა გასავლელი
ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განაცხადებით, მისმა უწყებამ მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.
„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა, “თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
თაფლის მწარმოებლები მიესალმებიან ევროკავშირის გადაწყვეტილებას მესამე ქვეყნის სიაში საქართველოს შეყვანას, თუმცა, აცხადებენ, რომ ევროპულ ბაზრებზე გასასვლელად საკმაოდ გზაა გასავლელი.“ეს დიდი წარმატებაა ქვეყნისთვის და მოხარული ვარ, თუმცა, ჯერჯერობით, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ადგილობრივ წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, საწარმოო გადაიარაღებაზე, მოკლედ, დახვეწა გვჭირდება ისეთი თაფლის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს”, - განუცხადა eugeorgia.info -ს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის "თაფლი საჩინოს" ხელმძღვანელმა, მინდია ქავთარაძემ. ვანში მდებარე მეორე დონის კოოპერატივი 50-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს, რომელთა მფლობელობაში 1500 სკაა. წელს კოოპერატივმა 16 ტონა თაფლი აწარმოა.
მინდია ქავთარაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ექსპორტზე ევროკავშირში თაფლი გაიტანონ, აუცილებელია, რომ მეფუტკრეებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება. ამ მიზნით, უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამები, სადაც დაინტერესებულ ფერმერებს უფასო ტრენინგებს უტარებენ.
ამასთანავე, მეწარმე აღნიშნავს, რომ საჭიროა თაფლის დიდი რაოდენობით კუპაჟირება მოხდეს და ერთი სახეობის, მაგალითად, მხოლოდ, აკაციის, ან წაფლის თაფლი აწარმოონ.
“გქვონდა შემოთავაზება ექსპორტზე დანიელებისგან, თუმცა, არ გვქონდა კუპაჟირებული თაფლი და ეს გარიგება ვერ შედგა”, - აღნიშნა მეწარმემ.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა დღეს ევროკავშირზე შედარებით დაბალი ფასებია. 1 კგ თაფლი, ევროკავშირში, საშუალოდ, 2-3 ევრო ღირს, ამას ემატება ტრანსპორტირების და შეფუთვის ხარჯები. საბითუმო ფასი კი ადგილზე საქართველოში სახეობების მიხედვით, 12-15 ლარია.
“ევროკავშირში მაღალი ხარისხის თაფლის ფასი 20 ევროც კი ღირს, თუმცა, ამისთვის გვესაჭიროება ბრენდირება, რომ ევროპელმა მომხმარებელმა გაიცნობს ქართული თაფლის საგემოვნო თვისებები. სამომავლოდ, ცხადია, ევროკავშირში ექსპორტის საკითხი ძალიან გვაინტერესებს, მაგრამ მანამდე მოვძლიერდებით, დავიხვეწებით. შეიძლება ხვალ, ზეგ არ გავიტანოთ, მაგრამ ალბათ, 2-3 წელიწადში უკვე აქტიურად ვიმუშავებთ ევროპული მიმართულების ათვისებაზე”, - აღნიშნა მინდია ქავთარაძემ.
ბელა ნოზაძე