ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მსურველთა რიცხვი შემცირდა
ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ ერთი კვირის განმავლობაში 1%-ით მოიკლო და 45% შეადგინა, - ახალი ონლაინ-გამოკითხვის შედეგები კვლევითმა ორგანიზაცია ICM-მ გამოაქვეყნა.
რაც შეეხება მომხრეებს, მათი რაოდენობა უცვლელი დარჩა (44%). ბრიტანეთის მოქალაქეების 11%-მა ჯერ კიდევ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს 23 ივნისს დაგეგმილ რეფერენდუმზე.
გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, სტერლინგი დოლართან მიმართ ერთბაშად 1%-ით გაუფასურდა. ბრიტანული ვალუტა ბოლო ექვსი კვირაა, პოზიციებს კარგავს: მიზეზი სამრეწველო და სამშენებლო სექტორების პესიმისტური მაჩვენებლები გახდა. საქმიანი წრეები რეფერენდუმთან დაკავშირებულ ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდნენ, უფრო მეტიც, სამშენებლო სექტორში ბოლო სამი წლის განმაგლობაში ყველაზე დაბალი ზრდა დაფიქსირდა.
ბრიტანელი ეკონომისტების უმეტესობა ვარაუდობს, რომ Brexit ქვეყნის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. საბიუჯეტი დეფიციტი, რომელიც გასული წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მშპ-ს 7%-ს შეადგენს, ბრიტანეთში ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუშლის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასული წლიდან დღემდე სტერლინგი უკვე 9%-ით გაუფასურდა.
„ბაზარი გაურკვეველ მდგომარეობაშია, არ იცის, როგორ შეაფასოს Brexit-ის რისკები. ძალისხმევას არ იშურებს, წონასწორობა აღადგინოს“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ "კომერცბანკის'-ის ბანკის ანალიტიკოსმა, ულრიხ ლეუხმანმა.
მიუხედავად იმისა, რომ Brexit-ის მომხრეებსა და მოწინაღმდეგეებს შორის სხგაობა მცირეა, „ბუკმეკერები“ ფსონებს მაინც დარჩენაზე დებენ. ფსონების ვებ-გვერდი Betfair ნათლად აჩვენებს, რომ Brexit-ის შანსი დაახლოებით 31%-ია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი-ხუთი თვეა, ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეებსა და მოწინაღმდეგეებს შორის სხვაობა 1-2%-ია, რაც საკმაოდ უმნიშვნელო მაჩვენებელია, მით უფრო, რომ კვლევებში 3%-მდე ცდომილება დასაშვებად მიიჩნევა.
2015 წლის ოქტომბერს, როდესაც ICM -მ პირევლად ჩაატარა გამოკითხვა, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ევროკავშირში დარჩენის მსურველები -42%, მოწინააღმდეგეები -38%, არ იცოდნენ- 20%.
ბელა ნოზაძე