"შერატონი" საქართველოში სამ სასტუმროს ხსნის
საერთაშორისო სასტუმროების ქსელი „შერატონი“ საქართველოში დამატებით სამი სასტუმროს გახსნას გეგმავს.
როგორც eugeorgia.info-ს “შერატონ მეტეხი პალასის“ გენერალურმა მმართველმა, ანდრეას ჰაიდინგსფელდერმა, განუცხადა, ორი მათგანი თბილისში იქნება წარმოდგენილი, ერთი კი - ახლომდებარე რეგიონში, თუმცა, დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
„ერთ-ერთი სამვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, სავარაუდოდ, ახალს არ ავაშენებთ, არამედ არსებულს შევისყიდით, ან მის ოპერირებას დავიწყებთ“, - აღნიშნა კომპანიის მმართველმა.
რაც შეეხება „შერატონ მეტეხი პალასს“, მისი თქმით, სასტუმროს რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება, წლის ბოლოსთვის კი მისი გახსნა იგეგმება.
„შერატონ მეტეხში“ 220 ნომერი იქნება, მათ შორის, 10 - ლუქსის ტიპის. სასტუმროში მოეწყობა საკონფერენციო და სხდომათა დარბაზები, სამი რესტორანი, აქედან ერთი - ღია, გარე აუზი, ანუ, ყველაფერი, რაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სჭირდება", - აღნიშნა ანდრეას ჰაიდინგსფელდერმა.
„შერატონ მეტეხი პალასი“ თბილისში 1989 წელს გაიხსნა და ის იყო პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში. 2007 წლიდან მისი მფლობელია გაერთიანებული არაბთა საემიროებიდან რას ალ ხაიმას მთავრობა. სასტუმრო გასაახლებლად 2014 წლის დეკემბერში დაიხურა, მისი ტრანსფორმაცია 25 მილიონი დოლარი ჯდება. „შერატონის“ ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო ბათუმში 2010 წელს გაიხსნა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 203 -ნომრიანია. მისი მფლობელია ცნობილი თურქი ბიზნესმენი, ნურეთთინ ჩარმიკლი.
ბელა ნოზაძე