საქართველოში ხახვის იმპორტი 20 ათას ტონას აჭარბებს, რატომ არ მოჰყავთ მოგებიანი კულტურა ფერმერებს
ხახვის იმპორტის გამო საქართველოდან ყოველწლიურად 10 მილიონამდე დოლარი გადის. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ტრადიციული მომწოდებლების გარდა, ისეთი ქვეყნები ფიგურირებენ, როგორიცაა, ლუქსემბურგი, ეგვიპტე, ნიდერლანდები და კენიაც კი. თუმცა, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ წარმოების სწორად დაგეგმვის შემთხვევაში 1 ჰა-ზე მოგებამ შეიძლება, 12 ათას ლარს მიაღწიოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევა “ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში” “PMC კვლევითი ცენტრმა” სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა.
ხახვის წარმოება მსოფლიოში:
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მსოფლიოში ხახვის წარმოებამ 2013 წელს 87 მლნ ტონას მიაღწია,რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს (2009 წელს 73.8 მლნ ტონას შეადგენდა).
2010 - 2014 წწ. საშუალო მონაცემებით, ხახვის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები არიან: ჩინეთი (22 მლნ. ტ.), ინდოეთი (17 მლნ.ტ.), აშშ (3 მლნ.ტ.), ირანი (2 მლნ.ტ.) და ეგვიპტე (2 მლნ.ტ.). საშუალო მოსავლიანობით კი ქვეყნებს შორის ლიდერობდა ირლანდია - 71 (ტონა/ჰა), სამხრეთ კორეა - 69.3 ტონა/ჰა, აშშ - 60.8 ტონა/ჰა, ავსტრალია - 60.8 (ტონა/ჰა) და ავსტრია - 57.6 (ტონა/ჰა).
იმპორტიორი ქვეყნებია: მალაიზია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, იაპონია
ექსპორტიორი ქვეყნები: ჰოლანდია, ინდოეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, მექსიკა.
წარმოება საქართველოში
როგორც ბევრი სხვა საკვები პროდუქტის შემთხვევაში, ხახვის წარმოება საქართველოში თვითკმარი არ არის. მისი მოცულობა 2010 - 2015 წლებში 19 ათასი ტონიდან 12,7 ათას ტონამდე შემცირდა.
იმპორტის მოცულობა 2011-2014 წლებში წლიურად, საშუალოდ, 11-13 ათას ტონამდე მერყეობს (19-22 მილიონი დოლარი), შედარებით შემცირდა 2015 წელს - 9 ათას ტონამდე (20,7 მილიონი დოლარი). ხახვის იმპორტში ძირითადი წილი შემდეგ ქვეყნებს უკავიათ: თურქეთი - 40%, უკრაინა - 30%, ყაზახეთი -22% და სხვ. კვლევის მიხედვით, 2014-2015 წლებში ხახვი საქართველოში ისეთი ქვეყნებიდანაც შემოდიოდა, როგორიცაა, ირანი, იტალია, ყაზახეთი, კენია, ლუქსემბურგი , მოლდოვა, ნიდერლანდები, რუსეთი და ეგვიპტე.
აღსანიშნავია, რომ მიზერული მოცულობით საქართველოდან ხახვი ექსპორტზეც გადის, მაქსიმალურ მაჩვენებელს, 120 ათას დოლარს, 2013 წელს მიაღწია. ექსპორტი, თითქმის, მთლიანად (96.8%) სომხეთზე მოდის.
ამ დროს, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, საქართველოს ნიადაგი და კლიმატი ხელსაყრელია ხახვის წარმოებისთვის.აქ მოყვანილი ხახვი საკმაოდ რეზისტენტულია დაავადებების მიმართ და აქვს კარგი გემური მახასიათებლები, ხახვის მოყვანა შეიძლება პრაქტიკულად ყველა ტიპის ნიადაგზე. არის საკმაოდ ყინვაგამძლე და არ საჭიროებს ბევრ მორწყვას.
ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია: ქვემო ქართლი (70%), შიდა ქართლი (15%) და კახეთი (10%).სამცხე–ჯავახეთში, რომელიც კვლევის ძირითად ობიექტს წარმოადგენს, ყოველწლიურად ხახვი სულ უფრო მეტ ფერმერს მოჰყავს. თუ 2014 წელს 230 ჰა-ზე იყო დათესილი, გასულ, 2015 წელს, ხახვის ნათესებმა რეგიონის მასშტაბით 252 ჰა შეადგინა.
ხახვის კულტივაცია:
ხახვის მოყვანისთვის ოპტიმალური პირობებია:
· ჰაერის ტემპერატურა 15-25 გრადუსი;
· ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობა (60-70%);
· ნიადაგის მაღალი ტენიანობა;
· სინათლის მაღალი ინტენსივობა;
· სარეველებისგან სუფთა ნაკვეთი;
· მინერალური სასუქების გამოყენება;
· საუკეთესო წინამორბედები: კომბოსტოსნაირი მცენარეები, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, პარკოსანი კულტურები.
საქართველოში ხახვი ორი მეთოდით მოჰყავთ: თესლის უშუალოდ გრუნტში თესვით, ან ხახვის ბოლქვების (ჭილის) საშუალებით.თესლით ხახვის მოყვანა ინტენსიური, ხოლო ჭილით - ექსტენსიური მეთოდია.
ხახვი ითესება სხვადასხვა ფართობის ზოლებში მწკრივებად. თესვა შეიძლება განხორციელდეს სათესი მანქანით, ან ხელით. მწკრივების რაოდენობა და მათ შორის, მანძილი დამოკიდებულია სათეს მანქანაზე. თესვისთვის ოპტიმალური პერიოდია 5-20 მარტი. დათესვიდან აღმოცენებამდე მუშავდება ნიადაგი. თესვის შემდეგ ერთ კვირაში საჭიროა სტომპით (ჰერბიციდით) დამუშავება. სამი-ოთხი ფოთლის ფაზაში დგება ჰერბიციდების შეტანის მეორე ეტაპი (გოალი, გალაქსი ან გალიგალი).
ჭილის შემთხვევაში ხახვის ამოღება 1-20 აგვისტოს ხდება, ხოლო თესლის შემთხვევაში ამოღება იწყება 15 სექტემბრიდან. ხახვის ამოღება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ხახვის ყელი 80%-ით მაინც არის მშრალი. ამოღების შემდეგ ხახვი რამდენიმე დღით იყრება ნაკვეთში მზეზე რათა ბოლომდე გახმეს.
ამოღების შემდეგ ხდება ხახვის გადარჩევა და ფოჩისაგან გაწმენდა. ეს საფეხური არის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადია და ამ ეტაპზე, დანახარჯები სამუშაო ძალის დაქირავებაზე საკმაოდ მაღალია. გადარჩეული და გაწმენდილი ხახვი თავსდება ბადე ტომრებში ან ყუთებში და ინახება საწყობში, სადაც ვენტილაცია და მაღალი ტემპერატურაა (30 გრადუსი მაინც). ხახვის კარგად გაშრობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საწყობი არ არის სათანადოდ მოწყობილი გაშრობის შედეგად შესაძლოა, მოსავლის 20-25% დაიკარგოს. საწყობში ტემპერატურა თანდათანობით უნდა შემცირდეს. ზამთარში შესანახად ოპტიმალური არის -1-დან +1-მდე ტემპერატურა.
რაც შეეხება ხახვის გაყიდვას, მისი გასაღების ძირითადი არხებია: ბაზარში გატანა; გზაზე გაყიდვა; შუამავალზე გაყიდვა. ჭილით მოყვანილი ხახვის გაყიდვა ხდება სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო თესლით მოყვანილისა - სექტემბერ-მაისში. მიუხედავად იმისა, რომ თესლით მოყვანილი ხახვის ხანგრძლივად შენახვა არის შესაძლებელი, ფერმერები ხახვის გაყიდვას შემოდგომითვე ამჯობინებენ, ვინაიდან საწყობების სიმცირე ზრდის ხახვის ლპობის რისკს. კომერციული ფერმერები ამჯობინებენ ხახვის შუამავალზე გაყიდვას, ხოლო მცირე ფერმერები თავად ყიდიან ხახვს ბაზარში. ადგილობრივი ხახვის მიწოდება ბაზარზე ივნისში იწყება და პიკს ივლის-აგვისტოს პერიოდში აღწევს.
წარმოების დანახარჯები და შემოსავლები
ხახვის მწარმოებელთა დანახარჯები და შემოსავლები დამოკიდებულია ხახვის მოყვანის მეთოდზე. ფერმერის ძირითადი დანახარჯები მოდის სათესლე მასალაზე (ჰოლანდიური თესლის ფასი - 400-500 ლარი/კგ, ადგილობრივი თესლის ფასი - 80 ლარი/კგ, ჭილის ფასი - 5-6 ლარი/კგ); სამუშაო ძალასა (ქალი - 20 ლარი დღეში, კაცი - 25 ლარი დღეში) და ჰერბიციდებსა და ფუნგიციდებზე (საშუალოდ 2000 ლარი/ჰა).
ექსტენსიური მეთოდით მოყვანისას (ჭილით, ანუ, ბოლქვით დარგვისას) მთლიანი ხარჯი 1 ჰა-ზე 6 200 ლარია, მოსავალი - 25 ტონა, თვითღირებულება 0.25 ლარი, 1 კგ-ის საშუალო გასაყიდი ფასი - 0,37 ლარი, მოგება - 3 050 ლარი; ინტენსიურის მეთოდის შემთხვევაში (თესლით თესვისას) ხარჯი 9 600 ლარია, მოსავალი - 60 ტონა, თვითღირებულება - 0.16 ლარი, საშუალო გასაყიდი ფასი - 0.36 ლარი , მოგება - 12 000 ლარი.
მწარმოებელთა ე.წ. „firm gate” ფასი 1 კგ -ზე 2008 წლიდან 2014 წლამდე 30 თეთრიდან 55 თეთრამდე გაიზარდა. საინტერესოა, რომ 2014 წელს ქართველი მწარმოებლების ფასები , წამყვანი ქვეყნების მწარმოებელის ფასებთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო.
პრობლემები ხახვის წარმოებაში და რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად
მკვლევარებმა ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის ხელისშემშლელ ფაქტორთა სამი ჯგუფი გამოავლინეს: წარმოების შეზღუდვები, დასაწყობების შეზღუდვები და გასაღებასთან დაკავშირებული პრობლემები.
კერძოდ, რეგიონში აღინიშნება ხახვის მოყვანისთვის საჭირო აგროტექნიკის ნაკლებობა. ბევრ ფერმერს არ აქვს სათესი აპარატი.შესაბამისად, ხახვი ხელით ითესება; რთულდება ხახვის ამოღებისა და გადარჩევის პროცესები, ნაკლებია სამუშაო ძალაც: ბევრ უმუშევარს სოფლად არ აქვს სურვილი იმუშაოს სოფლის მეურნეობის სექტორში. თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენების დონეც დაბალია. ზოგადად, ირიგაციის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას რეგიონში.
საშუალო და მსხვილ მწარმოებლებს სჭირდებათ საწყობები ვენტილაციით, ვინაიდან დიდი რაოდენობის ხახვი, როცა შრება, საკმაოდ ბევრ სინესტეს გამოყოფს, შესაბამისად, აუცილებელია კეთილმოწყობილი საშრობები. ფერმერები აღნიშნავენ, რომ ხახვის შენახვასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ურჩევნიათ მალევე გაასაღონ თავისი ნაწარმი. მათ უმეტესობას პროდუქციის გასაღება არ უჭირს, თუმცა, შუამავლებთან ურთიერთობა არაფორმალურია და შესაბამისად, არასტაბილური. გარდა ამისა ამ ეტაპზე არცერთ მწარმოებელს არ აქვს ურთიერთობა სუპერმარკეტებთან. ბევრი სხვა რეგიონის ფერმერების მსგავსად, ხახვის მწარმოებლები სამცხეში ხასიათდებიან კომერციალიზაციის დაბალი დონით. არ ხდება პროდუქციის ბრენდირება.
წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორია დაზღვევის პრაქტიკის სიმცირეც. მიუხედავად სახელმწიფო მხარდაჭერისა, აგროდაზღვევა საქართველოში ფერმერებს შორისფართოდ გავრცელებული ჯერ კიდევ არ არის.
ამ ეტაპზე სამცხე - ჯავახეთში ფერმერები, ძირითადად, მეკარტოფილეობას მისდევენ და მათი უმეტესობა არ მიმართავს თესლბრუნვას, რაც ამცირებს მოსავლიანობას და აზიანებს ნიადაგს. ამიტომაც მნიშვნელოვანია სხვა კულტურების, მათ შორის, ხახვის წარმოების პოპულარიზაციაც რეგიონში. “ხახვის მოსავლიანობა რეგიონში საკმაოდ დაბალია და ამიტომ აუცილებელია წარმოების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. რეკომენდებულია სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და ასევე უცხოელი ფერმერების გამოცდილების გაზიარება საზღვარგარეთ ვიზიტების მეშვეობით. ვინაიდან ფერმერთა უმეტესობა ხახვს საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს, მათი კომერციალიზაციის დონე დაბალია. ამისთვის რეკომენდებულია მაგალითად, მარკეტინგული კოოპერატივების წახალისება”, - აღნიშნავენ მკვლევარები.