გაზრდილი აქციზი საწვავზე, მსოფლიო ფასების დაცემა და ტექნოლოგიების ნაკლებობა - ქართველი მეხორბლეები სამმაგი წნეხის ქვეშ
საწვავზე აქციზის ზრდას ადგილობრივ წარმოებაზე „კატასტროფული“ გავლენა ექნება, - აცხადებენ ქართველი ფერმერები.
როგორც დედოფლისწყაროელმა ფერმერმა, ბესიკ თოფჩიშვილმა eugeorgia.info-სთან საუბრისას განაცხადა, გასულ წელთან შედარებით 1 კგ ხორბლის ფასი 50 თეთრიდან 35 თეთრამდე დაეცა, ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას შედარებით იაფი რუსული ხორბალი უწევს.
“ძალიან დაბალი ფასია, რა ვქნათ, გაყიდვა ჭირს, ხშირ შემთხვევაში, თითქმის, თვითღირებულების ფასად ვყიდით, არ უნდათ ქართული ხორბალი, რუსულაც ამჯობინებენ, ალბათ, ხარისხის გამო”, - აღნიშნა ფერმერმა.
ბესიკ თოფჩიშვილი ვარაუდობს, რომ ვითარება გაისად გაცილებით გართულდება, როცა მთავრობის გადაწყვეტილებით, აქციზის ღირებულება დიზელის საწვავზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზრდება, შესაბამისად, საწვავიც გაძვირდება.
ფერმერის თქმით, 1 ჰა მიწის დამუშავება ხორბლის მოსაყვანად, დაახლოებით, 1000-1200 ლარი ჯდება, აქედან დიზელის წილად, დაახლოებით, 25% მოდის. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 1 ლიტრი დიზელის ფასი, დაახლოებით, 25 თეთრით გაძვირდება, აქედან გამომდინარე, 1 ჰა-ზე დანახარჯი 40 ლარით გაიზრდება.
“არ ვიცი, ამ შემთხვევაში, რა მოგველის, შეიძლება, ხორბლის მოყვანას საერთოდ თავი დავანებო”, - განაცხადა ბესიკ თოფჩიშვილმა.
საწვავის გაძვირებას მემარცვლეობაზე კატასტროფული შედეგი ექნება, - მიიჩნევს ფერმერი სოსო ოქრუაშვილიც, რომელსაც გარდაბანში წლებია, ხორბალი და სიმინდი ასობით ჰა-ზე მოჰყავს.
“ლარის გაუფასურების გამო ისედაც უკვე გაიზარდა ფასები დიზელზე, გარდა ამისა, ყველა მომწოდებელი - სათესლე ნასალის, სასუქის, შხამ-ქიმიკატების -ფასებს დოლარში გვიფიქსირებს, იმპორტზე შემოაქვს, შესაბამისად, ისინიც გაძვირდება“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა. მას სხვა ფერმერებთან შედარებით, გაუმართლა და, “ბიუ ბიუს” სახით, სტაბილური მომხმარებელი ჰყავს. მეფრინველეობის ფაბრიკა ქართველ მწარმოებლებს გაცილებით მეტს უხდის, ვიდრე იმპორტირებული პროდუქცია დაუჯდებოდა: 1 კგ-ზე 41 თეთრს.
აღსანიშნავია, რომ ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდულად შემცირდა: თუ გასულ წელს 1 ბუშელი 5 დოლარამდე ღირდა, ახლა 4 დოლარს ძლივს აღწევს (-20%), არადა, 2008 წელს 10 დოლარსაც კი აჭარბებდა.
მიზეზი მსოფლიოში მარცვლეულის გაზრდილი წარმოება და მაღალი მოსავალია. აშშ -ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზით, 2017 წლის ივნისამდე, ანუ ახალ მოსავლამდე, მარცვლეულის მარაგები ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს - 250 მილიონ ტონას. გასაღების ბაზრების მოსაპოვებლად კონკურენცია დიდ მოთამაშეებს შორის უკიდურესად გამწვავდა: დიდი მოსავლის გამო ავსტრალიამ შეძლო შავი ზღვის მწარმოებლები– რუსეთი და უკრაინა - ინდონეზიის უმსხვილესი ბაზრიდან გამოეძევებინა, ხოლო ჩინეთმა, რომელსაც ათიოდე წლის სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემა აწუხებდა და ამ მიზნით აქტიური სუბსიდირება დაიწყო, უკვე ჭარბწარმოების პრობლემა აქვს. შესაბამისად, ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად ხორბლის შესყიდვას 2008 წლის ფიქსირებული ფასებით (1 ბუშელი- 9,5 დოლარი) ახორციელებს. მსგავსი ვითარებაა ირანშიც: ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მარცვლეულის უმსხვილესი იმპორტიორი იყო, დღეს კი არათუ საკუთარ წარმოებას აკმაყოფილებს, არამედ, ექსპორტზე 300 ათასი ტონა ხორბლის გატანასაც გეგმავს. შარშანდელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა ხორბლის მოსავალი რუსეთში და 75 მილიონ ტონას გადააჭარბა, დღეს რუსეთი საქართველოს ერთადერთი მომწოდებელია.
თუმცა, საქსტატის მიხედვით, წელს, იანვარ-ოქტომბერში, ხორბლის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 11%-ით შემცირდა და 365,6 ათასი ტონა შეადგინა, თუმცა, ღირებულებით გამოხატულებაში კლებამ 28% შეადგინა და 69 მილიონი დოლარით განისაზღვრა (ანუ, 1 ტონაზე, საშუალოდ, 188,7 დოლარი, შარშანდელი 233,7 დოლარის ნაცვლად).
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წელს საქართველოშიც ხორბლის დიდი მოსავალი მოვიდა, დაახლოებით, 200 ათასი ტონა, რაც შარშანდელთან შედარებით 40%-ით მეტია (115 ათასი ტონა). როგორც მან eugeorgia.info-ს განუცხადა, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი ქვეყანაში 5%-იდან 30%-მდე გაიზარდა. თუმცა, როგორც მინისტრი, ასევე ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა აღნიშნავენ, რომ მარცვლეული უმეტესად დაბალხარისხიანი იყო, ამიტომ საფურაჟე დანიშნულებით იყიდება.
“ასოციაციის წევრები ჩავედით დედოფლისწყაროში, დავათვალიერეთ, მაგრამ ხარისხიანი პროდუქცია ძალიან მცირე რაოდენობით დაგვხვდა, წვიმებმა სულ გააფუჭეს, წისქვილი ასეთ ხორბალს ვერ მიიღებს, მხოლოდ 20-25 ათასი ტონა ხორბალი შეისყიდეს. კარგ ხორბალში 1 კილოგრამში 42 თეთრიც გადაიხადეს, თუმცა, ახლა, ძირითადად, საფურაჟეა დარჩენილი და მისი ფასიც, შესაბამისად, დაბალია”, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
თუ რატომ მოიკლო ხორბლის იმპორტმა ადგილობრივი პროდუქციას რეალიზაციის შემცირების მიუხედავად, სილაგავამ მიზეზებად მარცვლეულის მცირე მარაგები და ფქვილის იმპორტის ზრდაც დაასახელა.
“წისქვილები მსოფლიო ტენდენციებს აკვირდებიან, აქვთ მოლოდინი, რომ მარცვლეული კიდევ უფრო გაიაფდება და ამიტომ მარაგების გაკეთებას არ ჩქარობენ. ამასთანავე, ქცეყანაში დიდი მოცულობით რუსული ფქვილი შემოდის, რომელიც დემპინგურ ფასად იყიდება. თავად რუსეთშივე აღიარებენ, ფქვილის ინდუსტრიის 40% ჩრდილოვან სექტორშია, არ იხდიან გადასახადებს, რაც მათ თვითღირებულებაზე აისახება და საფასო უპირატესობას აძლევთ”, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფქვილის იმპორტი საქართველოში 33%-ით გაიზარდა და 8 მილიონი დოლარი შეადგინა, მოცულობით გამოსახულებაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ხორბლის მსგავსად მისი ფასიც შემცირდა.
“1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი, რომელსაც პურის გამოსაცხობად იყენებენ, შარშან 45 ლარი ღირდა, ახლა კი - 35 ლარი ღირს. 20 დღის წინ 1 ტომარის ფასი 32 ლარიც კი იყო, ასეთი დაბალი ფასი 2006 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა”, - აღნიშნა ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა.
ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ დარგის რეაბილიტაციისთვის საჭიროა ანტიდემპინგური კანონის მიღება, აგრეთვე ფერმერებში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის ამაღლება. ამ უკანასკნელის აუცილებლობას თავად სოფლის მეურნეობის მინისტრიც აღიარებს:
“სახელმწიფოსგან რაღაც ტიპის დახმარებით, ჯიშთა გამოცდის, თუ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის წყალობით, ხორბლის წარმოება საქაართველოში გაიზარდა, თუმცა, ამით არ გაზრდილა სექტორის კონკურენტუნარიანობა. მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქცია იაფდება და ასეთი ტენდენციის ფონზე ყველა ტიპის პრობლემა თავს იჩენს. ადრე ორიენტაცია მოცულობის გაზრდაზე იყო აღებული, საფურაჟე და სასურსათო ხორბლის ფასთა სხვაობა 1 კგ-ზე მხოლოდ 2 თეთრი იყო, ახლა კი 10 თეთრს აღწევს, ანუ, 1 ტონაზე, 100-ლარს, რაც ძალიან პრინციპულია და ფერმერისთვის მოგების მარჟა შეიძლება გახდეს”, - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, სექტორში კომპლექსური პრობლემები და მათ გამოვლენაზე ანალიზი უწყებამ უკვე ჩაატარა.
“საჭიროა ფერმერსა და გადამამუშავებელს შორის მჭიდრო კომუნიკაცია, ფერმერმა უნდა აწარმოოს გადამამუშავებელის მოთხოვნის შესაბამისი პროდუქცია, ამავე დროს, სწორად უნდა მოხდეს მოსავლის დაბინავება, დახარისხება, შენახვა, უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ტექნიკით და ტექნოლოგიით. მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული მოსავლის დანაკარგი, რომელიც, ჩვენი გათვლებით, საქართველოში, ზოგადად, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე 40%-ია. აწყობილი უნდა იყოს ღირებულების სრული ჯაჭვი”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, მთავრობა სოფლის მეურნეობაში სექტორულ განვითარებაზე მუშაობს, შესაბამისად, უახლოეს მომავალში, მემარცვლეობის დარგში ახალი პროგრამები დაიწყება.
ბელა ნოზაძე