შვეიცარიელები რაჭაში ფერმერთა კლასს ქმნიან
ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებელი აცხადებს, ენთუზიაზმსა და ინვესტიციას არ იშურებს. საქმეში უკვე 18 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ერთი იმდენის დახარჯვას კიდევ აპირებს. კომპანია დღეისათვის 600-მდე სულ საქონელს ფლობს. თუმცა, მასშტაბებზე უფრო მეტად საინტერესო იმიტომ გახდა, რომ თავის პროექტში ადგილობრივი ფერმერებიც ჩართო.
ირაკლი კერვალიშვილი, „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დამფუძნებელი: უშუალოდ ჩვენს ფერმაში 200 სული საქონელი გვყავს, დანარჩენი ფერმერებს გადავეცით მოსავლელად. წლის ბოლომდე პირუტყვის სულადობას 1000-მდე გავზრდით. უკვე შვიდ ფერმერთან ვთანამშრომლობთ. საქონლის გარდა, მათ ვაძლევთ საკვებს ზამთრისთვის, ამასთანავე, ჩვენი უცხოელი სპეციალისტები საქონლის მოვლასა და ხელოვნურ განაყოფიერებაში ეხმარებიან.
მთის მეცხოველეობას თავისი სპეციფიკა აქვს: მისი უპირატესობაა, რომ საქონელი ბაგურ კვებაზე არ არის, 4-5 თვეს ღია ცისქვეშ ატარებს და მთლიანად ბალახით იკვებება, ეს საკმაოდ ეკონომიურია. მისი რძე და ხორცი კი მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
გვაქვს სრული ჯაჭვი - ფერმიდან - მაღაზიამდე: ხორცის მაღაზია თბილისში, წერეთლის გამზირზე შარშან გავხსენით.
ჩვენი თავდაპირველი მიზანი ხორცის წარმოება არ იყო, მაგრამ ვინაიდან არ არსებობდა ნედლეულის ბაზა, არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ცოდნა გლეხებში, გადავწყვიტეთ, ჩვენი მეურნეობა აგვეწყო და ადგილობრივებისთვის მაგალითი გვეჩვენებინა.
***
პარტნიორი ფერმერის შერჩევა იოლი საქმე არ არის: ვაკვირდებით, რამდენად სერიოზული და მშრომელი ადამიანია. ძირითადი სირთულე ის არის, რომ მთის ხალხს, კლიმატიდან გამომდინარე, შედარებით მძიმე ხასიათი აქვს, ჯიუტი და კონსერვატორია, სიახლეებს იოლად არ იღებს. ჩვენთან თანამშრომლობა ვისაც სურს, ფერმისთვის, სულ მცირე, 5-6 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უნდა ჰქონდეს, ეს ორი 60-სულიანი ფერმის ასაშენებლად საკმარისია. რაც შეეხება საძოვარს, რომლის გარეშე მეურნეობას ვერ ააწყობენ, მთავრობასთან მემორანდუმი გავაფორმეთ: ფერმერს მაღალმთიან რეგიონში შეუძლია, გამარტივებული წესით, სახელმწიფოსგან 60 ჰა საძოვარის ყიდვა, ან იჯარით აღება (1 ძროხაზე,, საშუალოდ, 1 ჰა-ს ანგარიშობენ), იმ პირობით, რომ მესაქონლეობის განვითარებისთვის 90 ათასი ლარის ინვესტიციას გაიღებს. ცხადია, ეს დიდი თანხაა, თუმცა, მას შეუძლია, შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტი აიღოს, გარანტორად ჩვენ ვუდგებით. სესხის მომსახურება ფერმერს წელიწადში 3% უჯდება, დანარჩენს (11%-ს) - სახელმწიფო ფარავს. 60-სულიანი ფერმის პირობებში, საპროცენტო განაკვეთი 2600 ლარს აღწევს.
ფერმის მომსახურება წელიწადში 20- 30 ათასი ლარი გვიჯდება: წონანამატისთვის 1 კგ-ზე 3-7 ლარამდე ვუხდით, რათა გლეხს მოტივაცია ჰქონდეს და არ „იმაიმუნოს“. მცირე თანხა არ არის. თუმცა, მან სესხიც უნდა გადაიხადოს და იჯარაც, ამავე დროს, თივაც უნდა დაამზადოს, სულ მცირე, 500 კილოგრამი. ეს იოლი არ არის, ხალხი მუშაობას გადაჩვეულია.
ჩვენს პროექტში ჩართვა მათთვის მაინც საინტერესოა, რადგან 90 ათასი ლარის მობილიზებას საკუთარი საქონლის ყიდვისთვის ვერ შეძლებდნენ, ბანკში უზრუნველყოფის ან გარანტიის წარდგენა მოუწევდათ, თანაც საკუთრებაში ფერმა რჩებათ.
მოდელი, რომელიც სახელმწიფომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის შემოიღო, კარგია: 2 ათასი მეტრის ზემოთ მიწა, პრაქტიკულად, გამოუყენებელია, არ არის მიყვანილი კომუნიკაციის საშუალებები, ამ პროგრამის საშუალებით კი რეგიონის ეკონომიკაში ინვესტიცია იდება.
მთის კანონი საგადასახადო შეღავათებს აწესებს მეწარმეებისთვის, თუმცა, საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ვაკუუმი არსებობს და, ალბათ, მასზე მუშაობას დაიწყებენ, მაგალითად. დამოკიდებელი იურიდიული პირების ურთიერთობის რეგულირების თაობაზე - მე გლეხს საქონელი სესხად რომ გადავცე, საპროცენტო განაკვეთი, მოქმედი კანონით, ეროვნული ბანკის მიერ განისაზღვრება.
****
მეცხოველეობაში სელექცია საქართველოში ათწლეულების განმავლობაში არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, საქონელმა დიდი დეგრადაცია განიცადა. გადავწყვიტეთ, შვეიცარიული მთის ჯიშები - შვიცბრაუნი და სიმენტალი შემოგვეყვანა. მათ ადგილობრივთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ: პრაქტიკულად ორჯერ მეტ წონას აღწევენ - 600-700 კგ-ს, ქართული საქონელის მაქსიმალური წველადობა მთაში 8-9 ლიტრია, შვეიცარიულის კი - 16 ლიტრი. ამავე დროს, შვიცბრაუნის ხორცს უკეთესი საგემოვნო თვისებები აქვს. თუმცა, სპეციალისტებმა საკითხი შეისწავლეს და გვირჩიეს, შვიცბრაუნი ადგილობრივ ჯიშთან - კავკასიურ წაბლასთან - შეგვეჯვარებინა. საქართველოში არსებობს დაავადებები, რომლებიც დიდი ხანია, ევროპაში გაქრა, უცხოურ საქონელს კი შესაბამისი იმუნიტეტი არ გააჩნია. ჩვენ გრძელი - სელექციის - გზით წავედით. სასურველ ნამატს მეხუთე თაობაში მივიღებთ.
****
ჩვენი კომპანია პირველია საქართველოში, რომელმაც ხორცის დამწიფების ტექნოლოგიაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აღიარება მიიღო. ხორცს 21 დღეს მაცივრებში სპეციალურ კლიმატურ რეჟიმში ვაყოვნებთ. ამ პერიოდში პროდუქტი თავისუფლდება სისხლისგან, მჟავიანობისა და ადრენალინისგან, რომელსაც საქონელი დაკვლის დროს სტრესის გამო იღებს. დამწიფებული ხორცის საგემოვნო და კვებითი ღირებულება უმჯობესდება. რადგან ეს ტექნოლოგია საკმაოდ ძვირი ჯდება, პროდუქციის თვითღირებულება იზრდება. დამწიფებული ხორცის ფასი ჩვენს მაღაზიაში 41-52 ლარის ფარგლებში მერყეობს (იმის მიხედვით, რომელი ნაწილია). გვაქვს სტანდარტული პროდუქციაც-საშუალო სეგმენტში, ასევე ხორცპროდუქტები - ძეხვეულები და სოსისები, რომლებსაც შვეიცარიელი და ფრანგი მზარეულები ამზადებენ. ამ ეტაპზე, ტესტირების პროცესში ვართ, ვსწავლობთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას. ჯერჯერობით, კვირაში მხოლოდ ოთხი სულის გადამუშავებას ვახორციელებთ, რომელიც ორ დღეში იყიდება.
გვექნება სარძევე მიმართულებაც. ვფიქრობთ, ორიენტაცია ავიღოთ ევროპული ყველის წარმოებაზე, რომელიც მხოლოდ ალპური რძისგან მზადდება და, ეკონომიკური თვალსაზრისით, უფრო გამართლებულია, რადგან მაღალ საფასო სეგმენტს მიეკუთვნება.
***
ჩვენი პროექტი, რა თქმა უნდა, ჯერ მომგებიანი არ არის. ფერმერებთან თანამშრომლობის მსგავსი მოდელი საქართველოში აქამდე არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, სპეციალისტებიც, ეკონომისტები თუ ფინანსისტებიც, არ არიან. ვწერთ ბიზნესგეგმებს, რათა პროექტი გახდეს კომერციული და სიცოცხლისუნარიანი, ჩვენ ხომ საქველმოქმედო ორგანიზაცია არ ვართ.
საუკუთესო შედეგებით, 5 წლის განმავლობაში რაჭაში 6 -10 ათასი სული მაღალპროდუქტიული საქონელი იქნება, ანუ, სულ მცირე, 60 ფერმერი. ეს პატარა ციფრი არ არის: დღეს რეგიონში, კლასიკური გაგებით, ერთი ფერმერიც არ არის. პრაქტიკულად, მთელი კლასი იქმნება. სამომავლოდ, როცა მოძლიერდებიან, ვფიქრობთ, საქონელი მათ გადავცეთ, ანაზღაურების ფორმასა და პირობებზე ჯერ ჩამოყალიბებულნი არ ვართ.
ბელა ნოზაძე