100 000 ლარი ბლის ბაღის გასაშენებლად - „დანერგე მომავლის“ შედეგებს რამდენიმე წელიწადში დაითვლიან
კონსტანტინე დავითაშვილს ქარელში ბლის ბაღი მხოლოდ 2 ჰექტარზე ჰქონდა. ნერგები იტალიიდან ჩამოიტანა, პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნია და გადაწყვიტა, ბიზნესი გაეფართოებინა. დღეს კონსტანტინე დავითაშვილი უკვე სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ ბენეფიციარია. 100 000 ლარი ბიუჯეტიდან მან სწორედ ბლის ახალი ბაღის გასაშენებლად მიიღო.
„სახელმწიფო 100 000 ლარით დაგვეხმარა, ამ თანხაში სარწყავი სისტემის ფასის ნაწილი და ნერგების ღირებულების 70% შედიოდა. 2016 წელს მივიღეთ ფული, ბლის ბაღი უკვე გავაშენეთ ქარელში 15 ჰა-ზე. ბალზე დიდი მოთხოვნაა. მუდმივად მოდიან დაინტერესებული პირები და ყიდულობენ პროდუქტს“, - ამბობს დავითაშვილი.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წელს დაიწყო. პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს: პირველი - ეს არის მრავალწლიანი კულტურების - ბაღების გაშენება, ხოლო მეორე - სანერგე მეურნეობების მოწყობა. ბაღის გაშენებისას ნერგების ღირებულების 70 %-სა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო აფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50% ფინანსდება.
ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი რატი კოჭლამაზიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სხვადასხვა კულტურის ბაღის გასაშენებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა, უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ კვლევას.
„ალბათ, არსებობს რაიმე კვლევა, რის საფუძველზეც აკეთებენ ანალიზს და გასცემენ თანხებს, ყოველ შემთხვევაში უნდა არსებობდეს. ბალთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბალი შეიძლება, მოიხმარო ახალი - ე.წ. ფრეში, შეიძლება გადამუშავდეს. ყველა პროდუტქზე და მათ შორის ბალზე უნდა მზადდებოდეს კვლევა, ნამდვილად გვჭირდება, თუ არა. რაღაც დავაფინანსოთ და აღმოჩნდეს, რომ ძალიან ბევრი მოგვივიდა და ვეღარ ვყიდით, ეს დიდი პრობლემაა“, - ამბობს რატი კოჭლამაზიშვილი.
პროგრამის მენეჯერი ლევან დოლიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში პროექტების მართვის სააგენტო სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებს ეყრდნობა.
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება მიწის შესწავლა, რამდენად ვარგისია კონკრეტული კულტურისთვის, ამ ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე ვარჩევთ კულტურებს რეგიონების მიხედვით, გამოცდილებაზე, პრაქტიკაზე დაყრდნობით. შემდეგ კი ბენეფიციარს აქვს თავისუფალი არჩევანი, რომლის გაშენება სურს. რა თქმა უნდა, სტატისტიკა არსებობს, ეს მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ ბიუროსაც აქვს, ძალიან ბევრი ხილის იმპორტი ხდება ყოველწლიურად საქართველოში და პროგრამაც ამას ემსახურება, რომ ეს მაჩვენებლი, ერთი მხრივ, შემცირდეს და მეორე მხრივ, გაშენდეს ისეთი თანამედროვე ბაღები, რომლის მოსავალიც იქნება კონკურენტუნარიანი ევროპის ბაზარზე,“ - ამბობს ლევან დოლიძე.
კონსტანტინე დავითაშვილი ბლის პირველ მოსავალს მომავალ წელს ელოდება, ძლიერმა სეტყვამ კი სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ასეთი შემთხვევების თავიდაც ასაცილებლად რატი კოჭლამაზიშვილი დაზღვევის კომპონენტის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
„დაზღვევის მექანიზმები უნდა იყოს ისე, როგორც ევროპაშია, ცალკეულ ხეებსაც კი ფუთავენ შესაბამისი ბადეებით. ამ ეტაპზე შეიძლება, რთულია, თუმცა ის ფერმერი, რომელსაც სახელმწიფო ეხმარება და რაღაც კომპონენტს უფინანსებს, საკუთარ ფულსაც დებს, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოსა და მათი პირადი თანხების დაკარგვის დიდი შანსია. კარგი იქნება, თუ ასეთ პროგრამებში მაქსიმალურად შემცირებული იქნება რისკები. შეიძლება, ცოტა ძვირი დაგვიჯდეს, მაგრამ მხოლოდ ხის დარგვა არაფერს ნიშნავს, ამ ყველაფერს თავისი რისკები აქვს და ეს უნდა გავითვალისწინოთ, ბუნებაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული. ევროპაში თავიდანვე გათვალისწინებულია რისკები, მათ იციან, რომ ხალხის ფული იხარჯება“, - ამბობს რატი კოჭლამაზიშვილი.
პროექტების მართვის სააგენტოს პოგრამის მენეჯერი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღები დაზღვევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს.
„ნერგების დაზღვევა არა, მაგრამ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, ეს არის უკვე მოსავალზე ორიენტირებული დაზღვევა. საწყის ეტაპზე, რადგან ჩვენი გაშენებული ბაღები პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მოსავალს არ იძლევა, ჯერ ზრდის პროცესია, მოსავლის დაზღვევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს“, - ამბობს პროექტისმენეჯერილევან დოლიძე.
პროგრამის ფარგლებში 2015 წელს თანხა მიიღო შპს „ლურჯმაველმა“. ლევან ლებანიძემ ოზურგეთში 5 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა, პირველ მოსავალს კი 2 წელიწადში ელოდება.
„ლურჯი მოცვი ახალი კულტურაა საქართველოში, თუმცა ამავე დროს ძალიან პერსპექტიული, მზარდი მოთხოვნაა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე. დრო გვაჩვენებს, სად მოვახდენ პროდუქტის რეალიზაციას. ვგეგმავ გაფართოებას, ევროპაში ექსპორტზეც ვიფიქრებთ,“ - ამბობს ლევანლებანიძე.
ლურჯი მოცვი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქართული მოცვი უკვე გადის დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, სომხეთსა და რუსეთში. ლურჯ მოცვზე საერთაშორისო მოთხოვნაც სწრაფად იზრდება, 2010-2014 წლებში ევროკავშირში მოცვის იმპორტი გაორმაგდა. საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე კი კონკურენტული უპირატესობაც აქვს -ქართული მოცვი მწიფდება რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ევროკავშირის მთავარ მიმწოდებელ ქვეყნებში - პოლონეთში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში.
სახელმწიფო პროგრამის კიდევ ერთი ბენეფიციარია მერაბ ბერიაშვილი, რომელმაც სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გასულ წელს კასპში 20 ჰა-ზე ნუშის ბაღის გაშენება გადაწყვიტა. ჩვენთან ინტერვიუში ბერიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ყოველ წელს ნუშის ფასი იზრდება.
„ნუში ძვირადღირებული პროდუქტია, გამოიყენება მედიცინაში, პარფიუმერიაში, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - ეს არის მიზეზები, რატომაც არჩევანი ნუშის ბაღზე შევაჩერე. მომავალში ექსპორტზე უნდა გავიტანოთ, დაახლოებით 500 ტონა მოსავალი მოვა, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას ვერ მოვახდენთ“, - ამბობს ბერიაშვილი.
23 000 ლარამდე მიიღო პროგრამის ფარგლებში გურამ გელაშვილმა, რომელმაც ხაშურში მსხლისა და ვაშლის ბაღები გააშენა. „სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ფინანსური მდგომარეობა არ მიწყობდა ხელს“, - ამბობს გელაშვილი. პროგრამის დახმარებით კი ის პირველ მოსავალს უკვე 2017 წლიდან მიიღებს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის“ მიზანია, ხელი შეეწყოს „საქართველოში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“. აღწევს თუ არა სახელმწიფო პროგრამა დასახულ მიზანს?სპეციალისტების შეფასებით, ამის თქმა რთულია, რადგან მონიტორინგისა და შეფასების კომპონენტი არ არსებობს.
„დღეს თუ რამე აკლია სამთავრობო მხარდაჭერის პროგრამებს - ეს არის მონიტორინგისა და შეფასების კომპონენტი, არ ეყრდნობა რაიმე მკვიდრ და კვალიფიციურ შეფასების ინდიკატორებს. ვერავინ გეტყვით, ციფრებით რა მიზანს ისახავს, როგორ გაიზრდება შემოსავლები, რა ფართობები უნდა მოიცვას, როგორ მოიმატებს წარმოების მოცულობა, რა პროცენტითა და რა პოზიციაში ჩანაცვლდება იმპორტი? როდესაც გეგმავ განვითარების პროექტს, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ დაგეგმო მისი შეფასება. ეს საერთოდ არ არსებობს. თვითონ მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ შეფასდეს ამ პროგრამების ზეგავლენა. მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავ არასამთავრობო სექტორის სერიოზულ როლსაც, რომელმაც ნეიტრალური პოზიციიდან გამომდინარე უნდა შეძლოს ზეგავლენის შეფასება“, - ამბობს „ოქსფამის“პროექტებისმენეჯერილევან დადიანი.
პროექტების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შედეგები არ ფასდება, რადგან ბაღები ახალი გაშენებულია.
„ყოველწლიურად რა მოსავალს მოიტანს, რა თქმა უნდა, ეს გაკონტროლდება. ახალი გაშენებული ბაღებია, მოსავალს არ იძლევა, 2019 წლიდან ალბათ უკვე გვეცოდინება კონკრეტული ციფრები, რა მოგვცა ამ პროგრამამ“, - ამბობს ლევან დოლიძე.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამის ბაღების კომპონენტს 234 ბენეფიციარი ჰყავს, სანერგეების მიმართულებით კი 3 პროექტია დამტკიცებული. ბაღების კომპონენტში თანადაფინანსებისთვის 7,615,320 ლარია დახარჯული, რაც შეეხება სანერგეების მიმართულებას, აქ ეს თანხა 165,449 ლარს აღწევს. პროგრამის ფარგლებში ძირითადი კულტურების სამეული კი ასე გამოიყურება - კაკალი - 458 ჰა, ვაშლი - 445 ჰა, თხილი - 264 ჰა.
ავტორი: ხატია შამანაური